შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჰეკაბე"- მესხიშვილის თეატრი თანამედროვე პრობლემას მითოლოგიით გამოეხმაურა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 10 თებერვალი 2019

თუ სისტემა ვერ გიცავს და პირიქით, ძალადობს შენზე, იძულებული ხდები თავად დაიცვა თავი და ღირსება. ყველაზე უთანასწორო და უსამართლოა ადამიანისა და სისტემის ჭიდილი, სადაც გამარჯვებული არავინაა, დამარცხებული ყველა.

ძალადობის მსხვერპლი, რომლისთვისაც დანაკარგი მეტია, ვიდრე დასაკარგი, ხდება დამნაშავე და ცდილობს, საკუთარი ტრაგედიის ტოლფასი დანაკარგი განაცდევინოს მტერს.

ბერძენი დრამატურგი ევრიპიდე საუკუნეების წინ ეხმიანება პრობლემას, რომელიც აქტუალურია ყველა ეპოქაში და აქტუალურია დღესაც. მისი ერთ–ერთი პიესა „ჰეკადე“ პირველად ქართულ სცენაზე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გათამაშდა. ახალგაზრდა რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ბერძნული მითოლოგიით გამოეხმაურა დღევანდელ რეალობაში არსებულ პრობლემას და სცენაზე განსახიერებული თამამი სცენებით მეტად თვალსაჩინო გახადა.

ახალგაზრდა რეჟისორმა თამამად გააშიშვლა სისტემა, რომელიც ძალადობს მის მოქალაქეებზე და რომელიც არა სახელმწიფოებრივ, არამედ პირად ინტერესებს სწირავს ყველაზე ძვირფასს, ადამიანს. რეჟისორი არ მალავს, რომ მისთვის სპექტაკლზე მუშაობის დროს ერთგვარი გარდატეხა „ხორავას ქუჩის“ ამბების განვითარებამ შეიტანა, რადგან ყველა სათქმელს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაწერილი ტექსტები ზუსტად გადმოსცემს, რეჟისორმა ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიასთან მინიშნება სცენით გააჟღერა. სპექტაკლი იწყება საპირფარეშოში და მთელი ტრაგედია აქვე ვითარდება. (ხორავას ქუჩის ტრაგედია საპირფარეშოში დაიწყო).

პიესა გენდერული ნიშნითაც მნიშვნელოვანია. მასში მთავარი აქცენტები ქალებზეა გადატანილი, რომლებიც ომში არასოდეს არიან დაცული.

„ძალით ნუ მაიძულებ მის წაყვანას და შენი შესაძლებლობების ზომა იცოდე“–მიმართავს კიდეც ოდისევსი დედოფალს, თუმცა პასუხიც არ აყოვნებს, რომ განუზომელია გაუბედურებული ქალის შესაძლებლობა და რისხვა.

ტროას დედოფალი „ჰეკაბე“ მრავალი შვილის დედა, უკვე მონად ქცეული დედოფალი კარგავს შვილებს და მტრის, (თუნდაც ის მისი სიძე იყოს) შვილების დახოცვით ცდილობს შეძლოს სამართლის პოვნა.

რეჟისორი არ შეეცადა ტრაგედიის შელამაზებას და სცენაზე რეალურად გამოჩნდნენ ბავშვები. ამ გადაწყვეტილებით მეტად განაცდევინა მაყურებელს არასრულწლოვანების დახოცვის ტრაგედია, მეტად გააჩინა განცდა, რომ სისხლის სისხლით გადაფარვით სამართლიანობა არ აღდგება და რომ აუცილებელია, საზოგადოებამ თავიდანვე აიღოს პასუხისმგებობა და ისაუბროს პრობლემებზე.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ, დედოფალ „ჰეკაბეს“ ინგა კაკიაშვილი განასახიერებს, ასევე მონაწილეობენ ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქურუმი ქალი), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).

მსახიობების განცდები და გათამაშებული სცენები მაყურებელს სპექტაკლის უჩინარ მონაწილედ აქცევს და აიძულებს უთანაგრძნოს ყველას, რადგან ძალადობა ძალადობაა, ვისი ხელითაც უნდა იყოს ჩადენილი ის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია