შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტუდენტებს შესაძლოა ფაკულტეტის შეცვლა აეკრძალოთ – შეფასებები უნივერსიტეტიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21319 
 08 თებერვალი 2019
ცვლილების მიზეზად მისაღებ გამოცდებზე ჩაბარებული საგნები სახელდება – თუ ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან სტუდენტს საბუთები ტექნიკურზე გადააქვს მას მათემატიკა ჩაბარებული არ აქვს და პირიქით, თუ დავუშვათ ტექნიკურიდან გადააქვს საბუთები ჰუმანიტარულზე, სტუდენტს ჩაბარებული არ აქვს ისტორიის გამოცდა. „ამ ცვლილების მიზანი ისაა, რომ გავზარდოთ უნივერსიტეტების ავტონომიურობა მათი არჩევანის მიხედვით და მაქსიმალურად შევცვალოთ დღევანდელი ცუდი პრაქტიკა, როდესაც შესაძლებელია ტექნიკურ სფეროებში მოხვედრა ჰუმანიტარული საგნებით. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიაც, გეოგრაფიაც, მაგრამ, მაგალითად, რომ გახდე პროგრამისტი, ამისთვის გჭირდება სხვა უნარები“, – ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ ჭიკაიძემ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ახლა ისტორიის მეოთხე კურსის სტუდენტია. იგი შესაძლო აკრძალვას ფაკულტეტების შეცვლასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს. მას საბუთები ტექნიკურიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არ გადაუტანია, თუმცა ფიქრობს, რომ პროფესიის შეცვლის უფლება ახალგაზრდებს სასწავლებლებში აუციებლად უნდა ეძლეოდეთ: „სკოლის მოსწავლეებს სრულად უნდა მიაწოდონ ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია, მათ თავიდან არ იციან, თუ რატომ აბარებენ ამა თუ იმ სპეციალობაზე და შემდეგ იმიტომ უჩნდებათ სურვილი შეცვლის. თუ ამისი საშუალება აღარ ექნებათ ახალგაზრდებს, ეს ძალიან ცუდი იქნება“. დაანონსებულ ცვლილებას არ იზიარებს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანული ენის სპეციალისტი ლალი ბერიძე: „სკოლის მოსწავლე შესაძლოა ტექნიკური მიმართულებით იყოს ძლიერი, მაგრამ უნივერსიტეტში მისი შეხედულებები შეიცვალოს. ჩემი დის შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სკოლაში მათემატიკაში ძლიერი იყო და უმაღლესშიც ამ მიმართულებით სწავლობდა, მაგრამ მეორე კურსზე მოისურვა სწავლა ხელოვნების შესავალ კურსზე გაეგრძელებინა. ეს ახალგაზრდების არჩევანია და პატივი უნდა ვცეთ“. ცვლილებას დადებითად აფასებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი როინ თათეშვილი: „როდესაც სტუდენტი ჰუმანიტარულიდან ბიზნესის ადმინისტრირებაზე გადადის ან პირიქით, მას არ აქვს საწყისი ცოდნა და მაღალი კურსის გამოწვევებს ვერ პასუხობს, შესაბამისად უჭირს სწავლა, ამიტომ ამ ცვლილებას დადებითად ვაფასებ“. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური ფიქრობს, რომ შესაძლო აკრძალვას აქვს როგორც დადებით, ასევე უარყოფი მხარეები: „უარყოფითი ისაა, რომ სკოლიდან მოსულმა შესაძლოა არასწორი არჩევანი გააკეთოს და ამას წლების შემდეგ მიხვდეს, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს შეცდომის გამოსწორების უფლება. დადებითი კი ისაა, რომ როდესაც სტუდენტი ორი წლის განმავლობაში, მაგალითად ისტორიას სწავლობს და ორი წლით მათემატიკას, საბოლოო ჯამში მისგან არაკვალიფიცირებულ სპეციალისტს ვიღებთ. მე თუ მკითხავთ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ“. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, გუშინ, შვიდ თებერვალს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია