შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინისტრი განმუხურელების დაკავებაზე: საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს მახინჯ პრაქტიკას

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 13 თებერვალი 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ორი განმუხურელის დაკავების ფაქტს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, „საოკუპაციო რეჟიმი“ აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც უკავშირდება ადამიანების უკანონოდ დაკავებას. მისი განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებო მისია იმისთვის, რომ ადამიანები გათავისუფლდნენ.

მინისტრის თქმით, სამწუხაროდ საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილია გარკვეული პერიოდულობით ამგვარი თუ სხვა პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება, რომელიც ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე და კონკრეტული პირების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ გვაქვს ის პირველი ოპერატიული ბერკეტი, რომელიც ამოქმედებულია - პარტნიორების ჩართულობა, რომ კონკრეტულად ეს პირები იყვნენ გათავისუფლებულები. მეორე არის ის, რომ ამას თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები აქვს, და ეს ცალსახად არის მიუღებელი, გაუმართლებელი, უკანონო მოქმედება. სხვა პარტნიორებთანაც არის შემდგომ კომუნიკაცია.

საქართველოში ევროსაბჭოს რაპოტერები იმყოფებიან, რომლებიც ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გარკვეული პერიოდულობით აგროვებენ ინფორმაციას. სამწუხაროდ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე ადგილზე მიიღონ ყველა ინფორმაცია მოსახლეობისგან. მაგრამ ძალიან კარგი რესურსი და წყაროა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებები. მათ შორის ამ ნაწილშიც, რაც ეხებე ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, გულისხმობს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს პასპორტი, არამედ განმარტა - ანალოგიურად და გაცილებით მეტადაც ზარალდებიან პირები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ხშირად, დაკავებულთა 80-90% სწორედ იქ მცხოვრები ქართველები, აფხაზები და ოსები არიან.

განმუხურის ორი მცხოვრები ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს სუსი. ოჯახის ცნობით, მათი დაკავება აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ბრალდებით მაშინ მოხდა, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ.

დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია