შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზეზვა ბუთურიშვილი - ფოტოგრაფი გორიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10612 
 14 თებერვალი 2019

ფოტოების გადაღება არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თავიდან ტელეფონით იღებდა. ძირითადად მაკროფოტოგრაფიას მისდევდა და ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოტოს დამუშავების სხვადასხვა, ახალ ტექნიკას ეუფლება. ,,შემდეგ მომეცა საშუალება, რომ სამყაროსთვის არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ სარკული კამერითაც შემეხედა.“ - ამბობს ზეზვა ბუთურიშვილი. ის ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლაში სწავლობს. ერთ მშვენიერ დღეს გორის ქუჩებში ფოტოაპარატით ხელში დავინახეთ. აკვირდებოდა ირგვლივ გარემოს. ვიფიქრეთ, ჟურნალისტი იქნებოდა. ფოტოებს მოხუცებს უღებდა, აპარატში ამოწმებდა საკუთარ შემოქმედებას, შემდეგ ესაუბრებოდა გმირებს. გვითხრა, ფოტოგრაფი ვარო.  ,,მომავალი პროფესია ჯერ არ ამირჩევია, მაგრამ ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი ჰობი და საქმიანობა ყოველთვის იქნება. ჩემი ფოტოებიდან გამოვყოფდი მოხუცის პორტრეტს, თეატრის ბაღის პეიზაჟს მოხუცი კაცი სტალინის ბაღში გადავიღე, თეატრის ბაღი კი ქალაქში სეირნობისას.“ - გვითხრა ზეზვამ.


თუმცა, ამ პორტრებისა და პეიზაჟების მიღმა, არსებობს კიდევ სხვა სამყარო, რომელსაც ზეზვა აკვირდება. ბავშვობიდან კითხულობს წიგნებს კოსმოსის შესახებ. ზეზვა ასტროფოტოგრაფიითა გატაცებული და ამას კარგად მიხვდებით, თუკი მის ფეისბუქის გვერდს დაათვალიერებთ.

 

ზეზვა ბუთურიშვილი საკუთარ ფოტოებს შორის მაინც ყველაზე მეტად ,,ირმის ნახტომს“ გამოარჩევს, რომელიც სახლის აივნიდან გადაიღო სოფელ ღოღეთში:

,,ირმის ნახტომი" გასულ ზაფხულს, აგვისტოში გადავიღე ჩემი სოფლიდან, ღოღეთიდან. ეს ის დროა როცა ვარსკვლავები ყველაზე კარგად ჩანს, შეუიარაღებელი თვალითაც კი. მიყვარს ყველანაირ ჟანრში გადაღება, მაგრამ ასტროფოტოგრაფია ჩემი საყვარელი ჟანრია. ბავშვობიდან ვკითხულობ წიგნებს კოსმოსის შესახებ. როცა წიგნებში ჩვენი გალაქტიკის ილუსტრაციებს ვათვალიერებდი, ყოველთვის მინდოდა მეც მსგავსი კადრის აღბეჭდვა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთ ფოტოს ოდესმე გადავიღებდი. ჩემი მიზანია დავხვეწო და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი შემოქმედება. ეს ის სფეროა, რასაც ბოლომდე ვერ შეისწავლი, რამეთუ ყოველი ფოტოს გადაღებისას რაღაც ახალს სწავლობ.” - ამბობს ზეზვა ბუთურიშვილი.

ქვემოთ ფოტოებზე: ,,ირმის ნახტომი" ღოღეთის სახლის აივნიდან

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია