შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კანონი დაარეგულირებს, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ მათთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციაზე წვდომა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36317 
 16 თებერვალი 2019

ინტერნეტ მიმწოდებელი (ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებული იქნება, ისეთი მექანიზმები შეიმუშაოს, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციაზე მისი წვდომა დაბლოკოს.

შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.

ამასთან, ცვლილებებით, აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, სრული შეზღუდვა იმ შემთხვევაში გავრცელდება, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისთვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებსა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის წვდომა ინტერნეტ ქსელზე დასაშვებია, თუ დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).

პროექტში აღნიშნულია, რომ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა