შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხაზარაძეს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ შესაძლებელია, ვიღაცის გონზე მოყვანა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36306 
 16 თებერვალი 2019

ხაზარაძეს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ შესაძლებელია, ვიღაცის გონზე მოყვანა და რაღაცნაირად მოლაპარაკება, თუ ისინი დათმობას და კონსენსუსის ძიებას არ აპირებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ექსპერტმა მამუკა ხაზარაძეს სთხოვა, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს მეტი გამჭვირვალობა შესძინოს. „რა თქმა უნდა, მეტი სიცხადეა საჭირო. ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი შეთქმულების თეორია ტრიალებს და მე მინდა, მამუკა ხაზარაძეს ვთხოვო, რომ მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს ამ საქმეში. ბუნებრივია, ის საკუთარ და ბანკის ინტერესებს იცავს და პრინციპში, მას დღეს ამ საქმეში საკმარისი მხარდაჭერა აქვს. დღეს, როცა შეთქმულების თეორიები ვითარდება, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ინფორმაციის შემოგდება მოხდება იგივე პროკურატურის ცირკულართან დაკავშირებით, რაც შემდეგ პროკურატურამ უარყო და შეიძლება, ამან ვითარება ძალიან დაძაბოს.

ალბათ ხაზარაძეს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ კიდევ შესაძლებელია ვიღაცის გონზე მოყვანა და რაღაცნაირად მოლაპარაკება, თუ ისინი დათმობას და კონსენსუსის ძიებას არ აპირებენ და თავიანთი ინტერესების დაცვას აპირებენ, მაშინ რეალურად უნდა თქვა, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?! აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია