შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, ნუ მოკლავთ იმედს, რომ ჯვარცმული ქრისტეც ამ ყრუ კედელს მიღმა დარჩა" - ლელა ჯეჯელავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36335 
 17 თებერვალი 2019

ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ღია წერილით მიმართავს:

"თქვენო უწმინდესობავ,

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თქვენთვის ღია წერილის მოწერა დამჭირდებოდა. ახლა ჩვენს შორის ძალიან დიდი და ყრუ კედელია აღმართული, რომლის აგებაზე ბევრი უძილო ღამე აქვთ გატარებული და ჭირის ოფლი დაღვრილი თქვენი და ეკლესიის „ ჭირისუფალთ”. სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ამ კედლისთვის გვერდის ავლადა უკანა კარიდან თქვენამდე მოსვლა, რადაგან არც პირველი ვიყავი და არც ბოლო. ამ კედლის მიღმა, როგორც წესი, ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც თქვენამდე სიმართლე მოაქვთ. ამ წერილის დაწერა ნესტან კირთაძის თქვენდამი მომართვამ გადამაწყვეტინა. მიმაჩნია, რომ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ სიმართლე - ამჯერად, საჯაროდ.

2010 წელი იყო, აბო თბილელის ხსენების დღე. დილით ადრე მოვედი თქვენთანკონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. ვისაუბრეთ, ავწონ-დავწონეთ. პრობლემა ძალიან დახლართული იყო. კვანძის გახსნას შევეცადეთ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. პრობლემის უკან საპატრიარქოს კონკრეტული იერარქისა და უსაფრთხოების სამსახურის კვალი თეთრი ძაფით იყო ნაბლანდი. გამოსავალი გითხარით, მოგეწონათ. მითხარით: - „ნამდვილი ოქრო ხარ“. მერე მიამბეთ, როგორი ძვირფასი იყო თქვენთვის ეს შეფასება და რატომ. შექებით გულმოცემულმა მაშინ გავაჟღერე: „თქვენო უწმინდესობავ, ეკლესია დღეს მთლიანად თქვენს ავტორიტეტზე დგას, რომელიც თითქმის 30 წლიანი თავდაუზოგავი ღვაწლით შექმენით. ძალიან გთხოვთ, ნუ ანგრევინებთ მას უღირს ადამიანებს, რომლებიც თქვენს ახლო გარემოცვაშიც მრავლად არიან სამწუხაროდ“. გულში ჩამიკარით, მომეფერეთ, იმტომ რომ გრძნობდით, იმ წუთში ჩემი ძალა ჩემს გულწრფელობაში იყო. მერე მთხოვეთ: - “თუ არ ჩქარობ და საქმე არ გიფუჭდება, დღეს ჩემთან ერთად იყავი”. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბევრ საკითხს შევეხეთ. საუბრის დროს ყოველი ახალი ძაფის წამოწევისას ახალი პრობლემა იჩენდა თავს. შეწუხდით, მივხვდი რომ აღარ უნდა გამეგრძელებინა.

გზა ორი იყო. ან ამ აბლაბუდას დარღვევა უნდა დაგეწყოთ და ნაგავი გარეთ გაგეტანათ, ან კედელი აგეშენებინათ, რომლის შიგნითაც ვერც ვერაფერს დაინახავდით, ვერც ვერაფერს გაიგებდით. თქვენ, ახლო გარემოცვის რჩევით კედლის მშენებლობა არჩიეთ. მე და სხვა - ჩემსავით ძალად თავგაცხელებული კი ცხადია, ამ ყრუ კედლის მიღმა დვრჩით. ამ კედლის მიზანი, ხომ მხოლოდ ის იყო, რომ იქ სიმართლეს არ შემოეღწია.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. როგორც კი „ციანიდის საქმე“ გახმოვანდა, მაშინვე ის შემთხვევა გამახსენდა, საიდანაც გამოსავალი მაშინ ერთად ვიპოვეთ. ისეთი ნაცნობი ხელწერა და სტილი იყო, რომ ზედმეტი კითხვებიც კი არ გამჩენია. მე, დეკანოზ მამალაძეს არ ვიცნობ. არც მისი ღირებულების შესახებ ვიტყვი არაფერს. თქვენი „გულშემატკივრები“ ვერ ხვდებიან, რომ რამდენ ლაფსაც შეასხამენ მამალაძეს, ან მის დამცველ მღვდელმთავრებს იმდენი შხეფები თქვენამდე აღწევს. ყველა მღვდელმთავარი თქვენი გამორჩეულია, დეკანოზი მამალძე თქვენი ნდობით აღჭურვილი მღვდელმსახურია.

თქვენო უწმინდესობავ, ეკლესიის ისტორიისათვის არც „ციანიდია“ გამონაკლისი, არც სყვარელი და ძვირფასი ადამიანების ღალატი. მაგრამ მეც კი, რომელასაც თითქოს აღარაფერი უნდა გამკვირვებოდა, გამაოცა თქვენმა დუმილმა. მაშინ, როდესაც თქვენი სახელით საუბრობენ არა სიყვარულსა და შემწყნარებლობაზე, არა დაცემულის წამოყენებაზე და კურნებაზე, არა უძღები შვილის გულში ჩახუტებაზე, არამედ - დანაშაულზე, სასჯელზე, საგამოძიებო მასალების შესწავლაზე, პროვოკაციზე, შანტაჟზე,სამხილებზე.

თქვენო უწმინდესობავ, პირადი თხოვნით ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე მოგმართეთ მხოლოდ ერთხელ, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში - გთხოვეთ,გელოცათ ჩემი შვილის გადარჩენისთვის. მაშინ სასწაული მოხდა. დავიჯერე, რომ თქვენ ეს შეძელით. ახლაც მჯერა - არ გამაწბილებთ. შეიწყალეთ დეკანოზი მამალაძე. მერწმუნეთ, მისი დნაშაული თუ უდანაშაულობა სრულიად სხვა განზომილების საკითხია. მისი შეწყალება ჩვენი რწმენის და საზრისის გადარჩენას უკავშირდება. თუ ჩვენი ეკლესია ნამდვილად ქრისტეს ეკლესიაა, სადაც სულით და ხორცით სნეულებს ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარებით კურნავენ, სადაც დაცემულებს გულში იხუტებენ, სადაც კეთროვანებს წყლულებს ბანენ, სადაც სხვის სულში დაბუდებულ ავ სულს საკუთარი სულის ვნებით ებრძვიან, სადაც უპირობო სიყვარული ყველა ბოროტებაზე იმარჯვებს, სადაც ცოდვილთათვის სიკვდილს აღდგომა მოსდევს, შეიწყალეთ დეკანოზი მამალაძე!.

თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, ნუ გაგვფანტავთ ცხვრებს, ნუ კრავთ ხელს უძღებ შვილებს, ნუ მოკლავთ იმედს, რომ ჯვარცმული ქრისტეც ამ ყრუ კედელს მიღმა დარჩა," - წერს ლელა ჯეჯელავა წერილში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია