შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ ისარგებლებს სესხის "გალარების“ პროგრამით

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018

58 წლის ახმედ ახმედოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის მესაქონლეობითაა დაკავებული. პირუტყვის შესაძენად 2014 წელს ბანკ „კონსტანტადან“ ჯამში 35 000 დოლარი სესხი აიღო. თანხის გამოსატანად სახლი, მაღაზია და მიწის ნაკვეთები იპოთეკით დატვირთა.

დოლარის კურსის ცვლილების შემდეგ სესხი გაუძვირდა და ზედმეტი გადახდილი თანხა ოჯახს დიდ ტვირთად დააწვა.

-„როდესაც ფული გამოვიტანე მაშინ დოლარის კურსი 1.65 იყო, შემდეგ აიწია და მეტი თანხის შეტანა მიწევდა. 32 000 დოლარი ცალკე გამოვიტანე, პლიუს ამას 3 000 დოლარიანი საკრედიტო ბარათიც დაემატა. 32 000 როგორღაც ვაიშავიდღით დავფარე. ბარათს სამი წელი ვადა ჰქონია და მერე მთლიანი თანხა უნდა შემეტანა. ეს არ ვიცოდი. კრედიტ ოფიცერს ვუთხარი ამდენი ფული ერთდროულად როგორ ვიშოვო-მეთქი. კრედიტს პროცენტები დაემატა და საბოლოოდ სესხი 4 7000 დოლარი გახდა. ახლა 1200 დოლარი დამრჩა დასაფარი. 200-200 დოლარი შემოიტანეო მითხრეს, ამდენს ვეღარ შევძლებ, ვუთხარი 100 დოლარზე მეტს ვეღარ გადავიხდი-თქო. ჯერ არაფერი უთქვამთ, არ ვიცი ამაზე დამთანხმდებიან თუ არა“

ახმედმა იცის, რომ სულ მალე სესხის „გალარების“ პროცესი დაიწყება. თუმცა ვერ ერკვევა, რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა და მასაც შეუძლია თუ არა სარგებლობა.
როგორც ცნობილია, პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის 1 იანვრამდე, ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანისას, არსებულ კურსს 20 თეთრი დააკლდება. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება.
პროგრამა ერთჯერადი სოციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.
სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ეკონომისტ ნინო მეტრეველს.
„მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი გეგმა, რომელიც ლარიზაციას გულისხმობს, დადებითი ინიციატივაა, თუმცა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება სასურველი იქნებოდა. უპირველეს ყოვლისა, გეგმის გამოცხადებამდე, მოსახლოებაში უნდა მომხდარიყო წინაგანმარტებითი სამუშაოების ჩატარება. რათა მათთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილიყო. ჩემი აზრით, უკვე არსებულ სესხებზე ლარიზაციის გეგმის შეთავაზება, არ იყო სწორი. ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, გაიღოს ის ხარჯი, რაც მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს წაადგება. პროგრამის გამოცხადებიდან მის იმპლემენტაციამდე გავიდა გარკვეული პერიოდი და ლარის კურსი ისევ დაეცა. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლოების იმ ნაწილისთვის, ვისაც პროგრამა ეხება, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი შეღავათი, რომ საბიუჯეტო თანხის გაღება ღირდეს. ხელოვნურად გარკვეული ცვლილებების შეთავაზება, ეკონომიკაში არც თუ ისე ეფექტურია. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა , გარკვეული საინფორმაციო სამუშაოების ჩატარება მოსახლეობისთვის, მოწოდება იმის, რომ სამომავლო რისკებისგან თავის დასაცავად მომხმარებელმა სესხი ლარში აიღოს.“- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს აღემატება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია