შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ სარგებლობისთვის რეგიონებშიც დაჯარიმდებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36333 
 17 თებერვალი 2019

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვო დაკავების ან/და სარგებლობის შემთხვევაში რეგიონებშიც დაჯარიმდებიან. ცვლილებას”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში და თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვო დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა იწვევს დაჯარიმებას.

ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების და სარგებლობის შემთხვევაში “კანონი არ აძლევს საშუალებას მუნიციპალიტეტებს აღკვეთოს ეს უკანონო ქმედება”.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმები გავრცელდეს ასევე ყველა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების ან/და სარგებლობის შემთხვევებშიც”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) სამართალდამრღვევ პირს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გამეორების შემთხვევაში – 2000 ლარის ოდენობით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია