შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამი მოსაზრება გაუქმებულ გამოცდებზე

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/ganatleba/article/7115 
 13 თებერვალი 2019
80-დან 100 ლარამდე ყოველთვიური დანაზოგი - ეს თათია ხუციშვილის ოჯახისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების შედეგია. ამას ემატება ტრანსპორტის გადანახული ხარჯი და სოფელ ანდეზიტიდან ბორჯომამდე და უკან, მგზავრობაზე დახარჯული საათები.
თათია 17 წლის არის, მეთორმეტე კლასშია და სტუდენტობისთვის ემზადება. კერძო რეპეტიტორებთან სიარულს აგრძელებს, მაგრამ ისტორიის მასწავლებელს დაემშვიდობა. განათლების სისტემაში, კერძოდ კი საატესტატო გამოცდების გაუქმება ახარებს. ამბობს, რომ ეს ეროვნულ გამოცდებზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.

„უკვე ვიცი რომ ატესტატი მაქვს და უკვე პირდაპირ მეძლევა შესაძლებლობა ჩავაბარო უმაღლეს სასწავლებელში, ანუ ბედი ვცადო ეროვნულ გამოცდებზე. მითუმეტეს რომ ახლა ორიენტირებული ვარ სწორედ მასზე რადგან ახლა უფრო მეტი დრო მაქვს მისთვის, მოსამზადებლად. ასე რომ, აღარ მიწევს იმაზე ფიქრი და დარდი, რომ სასკოლო გამოცდაში არ ჩავიჭრა, ატესტატი ვერ ავიღო და ა.შ. ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ აღარ მიწევს სააატესტატო საგნებში რეპეტიტორებთან სიარული, რაც ძალიან რთულია დროის სიმცირის და ფინანსური ხარჯის გამო“, - ამბობს თათია ხუციშვილი. 



თათია შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგიც ექნება: მოსწავლე, რომელიც სკოლაში ცოდნას რეპეტიტორის და დამატებითი მომზადების გარეშე ვერ იღებდა, სწავლაზე ხელს აიღებს. გამოცდების შიში იყო ფაქტორი, რომლის გამოც ბავშვები ჩასაბარებელ საგნებში ელემენტარულ ცოდნას ეუფლებოდნენ. თათია ფიქრობს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რაც საჯარო სკოლებში მდგომარეობას გამოასწორებს და განათლების დონეს აამაღლებს.


გიორგი ბერიძემ ატესტატის მისაღებად რვა გამოცდა ჩააბარა. ბორჯომის №4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული უკვე სპეციალობით ჟურნალისტია, 24 წლის არის, მაგისტრატურაზე სწავლობს და ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. საატესტატო გამოცდების გაუქმებას შეცდომად მიიჩნევს, რადგან ახალგაზრდები წიგნებს ჩამოშორდებიან და სწავლისადმი ინტერესს დაკარგავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიტორთან ჩემი მომზადება ოჯახს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებოდა, მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მე ძალიან ბევრი ახალი უნარ-ჩვევა გამოვიმუშავე. გამოცდები იყო ის "იარაღი", რამაც ახალგაზრდები წიგნთან, შეძლებისდაგვარად, დააკავშირა. მოგეხსენებათ, ციფრულ სამყაროში წიგნის ადგილი თითქმის აღარ დარჩა, სამწუხაროდ. ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, სრულიად მიუღებელია გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრალიზებულ სისტემად ჩამოყალიბება. მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემის რეფორმირება ისე უნდა მოხდეს, რომ სკოლამ შეძლოს და უზრუნველყოს მოსწავლის ზოგადი განათლების დონის აწევა“, - ამბობს გიორგი ბერიძე.




გიორგი ფიქრობს, რომ რეფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, საჯარო განხილვების საკითხად უნდა იქცეს.

მისი თანატოლი გიორგი გამოცდებს ასევე ცოდნის შემოწმების საშუალებად მიიჩნევს. გიორგი (ჯორჯ) ჩაჩანიძე წარმოშობით ბორჯომელია, მაგრამ დაიბადა და გაიზარდა ინგლისში. გამოცდები პირველად 11 წლის ასაკში ჩააბარა, იმისთვის, რომ სწავლა სკოლის შემდეგ ეტაპზე გაეგრძელებინა. 11 კლასის დასრულების შემდეგ გამოცდების ჩაბარება კვლავ მოუხდა, ამჯერად ორწლიან კოლეჯში რომ მიეღოთ.


„კოლეჯის დასრულების შემდეგ სავალდებულოა, ასევე, იმ გამოცდების ჩაბარება, რომელიც ახალგაზრდებს, უმაღლესი სასწავლებლის კარს გაუღებს. უნივერსიტეტი 4 წლიანია და აქ მოსახვედრად თითოეული გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა აუცილებელი.“




გიორგიმ წარმატების გზაზე ყველა გამოცდა ჩააბარა და ახლა ლონდონის ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. ქართულ განათლების სისტემასთან პარალელის გავლება უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ მაღალ დონის ბრიტანული განათლების სისტემაში გამოცდებს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

გამოცდების მოხსნით კი საქართველოში განათლების სისტემის რეფორმის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის კონცეფცია გზადაგზა მუშავდება და ჯერ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის. 11 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთი შესაძლო ცვლილება დააანონსა. ირინა აბულაძის თქმით, 2023-2024 სასწავლო წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად კომბინირებული გამოცდა ჩატარდება, რაც საგნის და უნარების კომბინაციას გულისხმობს. ცვლილებები შეეხება უმაღლესში მიღების წესსაც, სადაც შესაძლოა, კანდიდატის სამოტივაციო წერილი და სხვა აქტივობები განიხილონ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამას შორეულ პერსპექტივას და დასავლურ სისტემას უწოდებენ. დღეს კი გვაქვს სკოლა, რომელიც მოსწავლეებს რეპეტიტორების დახმარების გარეშე მოსწავლეებს ცოდნას ვერ აძლევს და მოხსნილი გამოცდები, რის შედეგადაც სკოლის დამთავრების პრობლემა აღარ ექნება არავის, მცოდნეს, თუ უცოდინარს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება