შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აჭარის განათლების სამინისტრო “ევროოდისეას” პროგრამას აგრძელებს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 21 თებერვალი 2019
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოეთში სტაჟირების პროგრამა  „ევროოდისეას” აგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სამინისტროში მარტის თვეს ელოდებიან, როცა შესაძლებელი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირება და პროგრამის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის ბიუჯეტში ჩასმა. „პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ წელსვე შევძლებთ სამი სტაჟიორის გაგზავნას, მომდევნო წლებში იგეგმება, რომ გაიზარდოს სტაჟიორთა რაოდენობა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი  ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე. მისივე ინფორმაციით, რადგან პროგრამა დაფუძნებულია სტაჟიორთა გაცვლაზე, წელს აჭარის რეგიონი სამ სტაჟიორს მიიღებს. განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, გასულ წლებში დაგეგმილი სტაჟიორთა კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა, ამის გამო პროგრამას პრობლემა შეექმნა და მისი გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს სამი სტაჟიორის გაგზავნა არის რეალური, მხოლოდ ბიუჯეტის გამო არა. პროცედურის გამოც. სტაჟირებისთვის ვაკანსიები ქვეყნდება ვებგვერდზე კონკრეტული ვადებით, ვთქვათ, აპრილიდან ექვსი თვე სჭირდება სტაჟიორი კონკრეტულ ორგანიზაციას. დაინტერესებული პირი რეგისტრირდება ვებგვერდზე და გამოხატავს ინტერესს იმ კონკრეტულ ვაკანსიაზე. შემდგომ უნდა გაიაროს გასაუბრება. თუკი ამას წარმატებით გაივლის, უნდა მოაწესრიგოს  მთელი რიგი დოკუმენტაცია. კი იცით, რომ ტურისტად ვიზიტი ადვილია, მაგრამ თუკი გარკვეული ვადით რჩები საცხოვრებლად და პლუს სამუშაოდ, ამ შემთხვევაში საჭიროა  სხვადასხვა დოკუმენტი, როგორც ცხოვრების, ასევე მუშაობისთვის. საბუთების შეგროვების პერიოდი დაახლოებით ორიდან სამ თვემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სამ სტაჟიორზე მეტი წელს ამ პროცედურებს ვერ გაივლის. ველოდებით, რომ მარტის ბოლოსთვის უკვე თანხები გაჩნდება და, შესაბამისად, გავხსნით სააპლიკაციო პროცესს. თუკი მალევე შეიტანენ აპლიკაციებს, რა თქმა უნდა, ვადებში ჩაეტევიან. არ გვინდა აღმოვჩნდეთ წინა წლის მდგომარეობაში, როდესაც ვგეგმავდით ათს და სამის მეტს ვერ ვუშვებდით. ამიტომ გვირჩევნია თავი დავიზღვიოთ. დავგეგმოთ ცოტა, რომ შემდგომ კითხვები არ გაჩნდეს პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით,” – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა ოდენობის თანხას მოითხოვს ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელებისთვის განათლების სამინისტრო. პროგრამით ქართველ სტაჟიორებს უცხოეთში გასამგზავრებელი ვიზისა და ბილეთის თანხა უფინანსდებათ, საქართველოში ჩამოსული სტაჟიორებისთვის კი 3 ათასი ლარია გათვალისწინებული. ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, პროგრამას ამ ეტაპზე არ ეყოლება კოორდინატორი. რა არის ევროოდისეა და ვის შეუძლია ჩაერთოს  პროგრამა „ევროოდისეა” 1985 წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეას ეგიდით დაარსდა. პროგრამაში მონაწილე ქვეყნები ცვლიან ახალგაზრდებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცების ან  პროფესიული გადამზადების მიზნით. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “ევროოდისეას” 2006 წლიდან ახორციელებდა, მაგრამ გასულ წელს პროგრამა დროებით შეწყვიტა. ქვეყნების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა. საქართველოდან წასულ სტაჟიორებს აჭარის განათლების სამინისტრო ვიზისა და თვითმფრინავის ბილეთის საფასურს უხდის. “ევროოდისეის” პროგრამიდან  კი თითოეულ ახალგაზრდას 700-800 ევროს ოდენობის სტიპენდია ერიცხება  კვებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად. საქართველოდან შერჩეული კანდიდატები უცხოურ კომპანიებში სტაჟირებაზე 6 თვით მიემგზავრებიან, უცხოელი სტაჟიორები ქართულ კომპანიებში კი სამი თვით ჩამოდიან.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია