შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში საკრებულოს შუალედური არჩევნები 1 საარჩევნო უბანზე გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38921 
 15 მაისი 2019

საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოში კანდიდატი 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ წარადგინა, საიდანაც 4 ქალბატონია.

საგარეჯოს მე-11 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი განმარტავს, რომ სოფელ უჯარმაში დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა, მისი ადგილმონაცვლე კი არჩევნების შემდეგ გამოვლინდება.

,,არჩევნები იმართება სოფელ უჯარმაში მე-3 საარჩევნო უბანზე. სოფლის დეპუტატი გარკვეული მიზეზების გამო დაიჭირეს და მას უფლებამოსილება შეუჩერდა. უბანზე სადაც აჩევნები ჩატარდება, რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი’’,– განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოში კანდიდატი 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ წარადგინა.

,,საგარეჯოში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში 12 კანდიდატი შეხვდება, საიდანაც 4 ქალბატონია. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატია სალმან კულიევი, „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობიდან” ნინო ხუციშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატია ირაკლი ჯინჭარაძე, „თავისუფალი საქართველოს”კანდიდატი გიორგი გულარიძე, პარტიიდან „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კენჭს იყრის მაკა ხორბალაძე, „ახალი ქრისტიან‐დემოკრატებიდან” ნიკოლოზი ჯოგლიძე, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობიდან” ნოდარ ბურკაძე, „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველოს” კანდიდატი კი არის ალა აშვეთია.

ასევე კანდიდატი ნონა კირთაძე წარადგინა საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ”, „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტიიდან ნუკრი ჭოლაძე, „ქრისტიან‐კონსერვატორებიდან” გიორგი ჯანიბეგაშვილი და ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველოდან” ზურაბ შინდელაშვილი’’,- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

შუალედურ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ირაკლი ჯინჭარაძე იყრის. მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები კანდიდატად დასახელების დღიდან აქტიურად დაიწყო.

,,აქტიურად ვხვდები სოფელ უჯარმის მოსახლეობას, ვსაუბრობთ პრობლემებზე, მოგვარების გზებზე. გამარჯვების შემთხვევაში მე მათთან კომუნიკაციას არ შევწყვეტ და დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ამ დროისთვის 50 -მდე შეხვედრა მაინც მაქვს ჩატარებული’’,- განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ჯინჭარაძემ.

„ქართული ოცნებიდან“ კენჭს საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ შინდელაშვილი იყრის.

38 წლის შინდელაშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ბოლო დროს კერძო სექტორში საქმიანობდა.
,,სოფლის პრობლემებს კარგად ვიცნობ, ახლაც აქტიურად ვხვდები მოსახლეობას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ეტაპზე უჯარმაში სასმელი წყლის და შიდა საუბნო გზების საკითხის მოგვარებაზე ვმუშავებ’’,– განაცხადა ზურაბ შინდელაშვილმა.

ამომრჩევლების თქმით, ისინი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობას არ იცნობენ და არჩევანის გაკეთება უჭირთ. მათი თქმით, სხვა არჩვნებისგან განსხვავებით ახლა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ნაკლებად აქტიურობენ.

,,ერთი ან ორი კანდიდატის შესახებ მაქვს გაგებული, რომ სოფელში მართავენ შეხვედრას. სხვა პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატების შესახებ არ გვსმენია, არ ვიცნობთ მათ ხედვას, დაპირებებს და არჩევანის გაკეთება ალბათ გაგვიჭირდება. ვფიქრობთ, ამის გამო ბევრი არ წავა არჩევნებზე’’,- განაცხადეს სოფელ უჯარმაში მცხოვრებლებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
კახეთის ხმა

მოლოდინი