საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წლების განმავლობაში უპატრონოდ მიგდებული ისტორიული ორთქმავალი შესაძლოა ფოთს გადმოეცეს!

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
 15 ნოემბერი 2018
42059231_2214292305309415_5190237380421877760_n

“ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს” –ასე ამბობდა დიდი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე თავის დროზე. რამდენად წინასწარმეტყველური და ჩვენი დროისთვის შესაფერისი აღმოჩნდა მისი საუკუნის წინ ნათქვამი.

საუბარია საქართველოში პირველ ორთქმავალზე, რომელმაც სტარტი ფოთიდან აიღო. აი ეს ისტორიული ორთქმავალი წლებია უპატრონოდაა მიგდებული, გაცვეთილი, ჟანგმოკიდებული მაშინ, როცა სიმბოლო უნდა იყოს ნიკო ნიკოლაძის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი საქმის.

ფოთიდან თბილისამდე 1872 წლის 10 ოქტომბერს დაიძრა პირველი სამგზავრო მატარებელი. სწორედ ეს დღე ითვლება ამიერკავკასიის რკინიგზის დაბადების დღედ. ამის შემდეგ საქართველოში ფართომასშტაბიანი სარკინიგზო მშენებლობა გაიშალა.
პირველად მწყობრში ჩადგა ფოთის, ჭალადიდის, ახალსენაკის, რიონისა და ყვირილას სადგურები. ფოტოებმა შემოგვინახა პირველი ორთქმავალი, „ფერლის“ ტიპის სამეფო ვაგონები.

როგორც msnews.ge-მ გაარკვია, ისტორიული ორთქლმავალი დღეს სამტრედიის რკინიგზის ბალანსზეა. არადა, წლების წინ რკინიგზის მოედანს ამშვენებდა და უკვე კარგა ხანია დასაჟანგად განწირულმა „დეპოში“ დაიდო ბინა.

ფოთის ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი მიშა კილასონია როგორც ამბობს, პირველი ორთქმავლის გადმოცემის თემაზე მუშაობენ და რამდენიმე თვის წინ, რკინიგზის სამინისტროში გააგზავნეს კიდეც წერილი გადმოცემის თაობაზეც.

„რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე აღნიშნული ორთქმავალი და გამიჩნდა იდეა, ქალაქისთვის დამებრუნებინა ისტორიულად მნიშვნელოვანი კუთვნილება. ორთქმავალი შელახულია და რეაბილიტაციისათვის საჭიროა გარკვეული თანხა“ — ამბობს ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი მიშა კილასონია.

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილიც დაინტერესებულია ისტორიული ორთქმავალის ბედით. მისი თქმით:

„წლის ბოლო გახლავთ. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულ თანხაზე კონკრეტული საუბარი ძალიან რთული იქნება. უნდა შედგეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. როგორც კი ეს გაკეთდება, გაირკვევა, რა თანხებზეა საუბარი. არსებული შესაბამისობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი გახლავთ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ერთი კარგი ადგილის შექმნა ქალაქში“.

msnews.ge რკინიგზის დეპარტამენტთანაც შეეცადა გაერკვია აღნიშნული საკითხი. როგორც დეპარტამენტში განგვიმარტეს ქალაქის ხელმძღვანელობიდან მართლაც მიუმართავთ წერილით დეპარტამენტისთვის, არა ორთქმავალის გადმოცემაზე, არამედ, მის შეკეთებაზე. როგორც განგვიმარტეს აღნიშნული მოთხოვნის შემთხვევაშიც რკინიგზის დეპარტამენტი თანახმაა ფოტს გადასცეს ორთქმავალი.

„როგორც წერილიდან ჩანს, მოთხოვნაა, ერთობლივად შეკეთდეს და ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია ელმავალს და ერთობლივად შეკეთების შემთხვევაში უნდა შეთანხმდნენ, რას გააკეთებს ქალაქის მერია და რას რკინიგზა. რკინიგზის დეპარტამენტი ელოდება ფოთის მერიიდან პასუხს. რკინიგზის დეპარტამენტში არ შემოსულა მერიიდან წერილი, რომ საჩუქრად ჰქონოდა ქალაქს პირველი ორთქმავალი. თუ არის სურვილი, რომ გადაეცეს ქალაქს საჩუქრად, მაშინ ცალკე წერილი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეიქმნება“ — განაცხადა რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა თამარ დეკანოიძემ.

თეკლა გვასალია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია