შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ გადაუფრენს გუგულის ბუდეს?! - 2018 წლის კულტურა ქუთაისში

კულტურა
წყარო:  ქუთაისი პოსტი / https://www.kutaisipost.ge/ 
 26 დეკემბერი 2018
ყველაზე ბევრი რაც წელს ქუთაისში კულტურის მიმართულებით ჩატარდა ფესტივალი იყო.

ფესტივალების სიმრავლემ გადაასწრო მაგალითად, პრემიერების რაოდენობას დრამატულ თეატრში.

ფესტივალი ჩაითვალა საშუალებად გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება ქუთაისში და აღნიშნოს იგი მსოფლიო კულტურული ცხოვრების რუკაზე.
პირველები ამ საქმეში თეატრალები ჩაებნენ და ფესტივალი თეატრალური იმერეთი შემოგვთავაზეს, რომელიც შორეულ, ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში დაფუძნდა. სამაგიეროდ ჩვენმა დრომ სხვა სტატუსი მისცა და საერთაშორისო გახადა.

ქუთაისში მეორედ ჩატარდა საბალეტო ფესტივალი, თანაც პირდაპირ საერთაშორისო სტატუსით, რომელმაც სახელოვანი ბალერინების და საინტერესო დასების მოკრება და ჩამოყვანა მოახერხა.

ბალეტს არ ჩამორჩა ოპერა და ოპერის საერთაშორისო ფესტივალიც დაფუძნდა ქუთაისში, სადაც ყურს ჭრიდა როგორც ლა სკალასა და მეტროპოლიტენ ოპერის ხშირი ხსენება, ასევე ამ საოპერო თეატრების წარმომადგენლების შესრულებული არიებიც ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე

საერთშორისო მასშტაბებზე ჯერ არ გასულა, თუმცა, ამის გარეშეც მოახერხა საინტერესო მწერლების ქუთაისში ჩამოყვანა ლიტერატურულმა ფესტივალმა. ორი დღით ქუთაისს სტუმრობდნენ ის ავტორები, რომლებიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის სახეს განსაზღვრავს, თანაც ძალიანაც შთამბეჭდავად.

ფესტივალი არა, მაგრამ კინოფორუმის გამართვა კი მოხერხდა ქუთაისში, სადაც ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები წარმოადგინეს. უფრო მეტიც - ამ ფილმების პრემიერები სწორედ ქუთაისში მოეწყო. რითაც 110 წლიან უსამართლობას ბოლო მოეღო და ქართული კინო იქ დაბრუნდა (ყოველ შემთხვევაში ერთი კვირით მაინც), საიდანაც დაიწყო არსებობა.

ქუთაისელ მხატვრებს არავინ ჩამოუყვანიათ, თავად გაემგზავრნენ იტალიაში. მათი იტალიაში წასვლა ცენტრალური მედიებიდან არავის გაუგია, სამაგიეროდ ჩამოსვლა გამოუვიდათ გრანდიოზული. იტალიაში შექმნილმა ქუთაისის მერის პორტრეტმა კოზენცაში მოწყობილ მხატვართა ვორკშოპსაც გაუთქვა სახელი და თავად მერსაც - რომელიც, დიდი ალბათობით, გაკეთებულ საქმეებზე მეტად, ამ პორტრეტით დაამახსოვრდებათ.

ზოგადად მახსოვრობა, ალბათ, განმსაზღვრელი ფაქტორია რაიმე მოვლენის მნიშვნელობის შესაფასებლად.
მთავარია მოვლენა შეუმჩნეველი არ დარჩეს.

შეუმჩნეველი არ დარჩენილა რამდენიმე პრემიერა მესხიშვილის თეატრში. 2018 წელს თეატრში სიცრუისა და სიმართლის ურთიერთმიმართებით დაინტერესდნენ და ორი პრემიერა ამ საკითებს მიუძღვნეს. ბარონ მიუნჰაუზენის წმინდა ცრუპენტელობა და დრამატურგ ფლორიან ზელერის სიმართლემ სიცრუეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცა, რაც ბუნებრივია სიცრუისთვის - სიცრუე მილიონ ვარიაციად შეიძლება მიეწოდოს ადამიანს. სიმართლეა მხოლოდ ერთი.

ერთი სიმართლის მოძებნა არ მოხერხდა.

თუმცა, გამოჩნდა ძიების პროცესი. ძიება ფორმებსა და სათქმელში.
ამით გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო მხატვრების ლია უკლებასა და თორნიკე სანოძის გამოფენები. ავტორების დაუღალავი და გაბედული სვლა სიღრმეებისკენ - სადღაც დაუკრეფავსა და აუთვისებელში.

თუმცა, ზოგადად, დაუღალაობაზე მეტი დაღლილობა და გაუბედაობა იგრძნობოდა ქუთაისში გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. ისე რომ მან თავად ამ ერთფეროვნების შემქმნელებიც შეაწუხა. შესაძლებლია ამიტომაც შეწიენ ფინანსურად და წაახალისეს ამდენი ფესტივალი.

ჯერჯერობით ერთფეროვნება ვერ შეცვალა ფესტივალებმა.

კულტურული ცხოვრების ზედაპირი კვლავაც მდორეა.

თუმცა, დინებებს ახლავს ქვედინებები თვალისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ აქტიური ქუთაისური კულტურული ცხოვრების თავისებურებაც ეს არის რომ ის ზედაპირზე იშვიათად ჩანს, სადღაც ანდერგრაუნდებში იქმნება, კაფეებში შინაურული საუბრებისას იკვანძება. მერე გამოჩნდბა უცხო ჩიტად და გუგულის ბუდეს გადაუფრენს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია