როგორი ბაგრატი დაგვრჩება: ორიგინალი თუ კარგად გაკეთებული ასლი?


[„P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“)]
ბაგრატს დღეს რკინის გული აქვს - ასეთი მხატვრული შეფასება გაისმა პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გამართული ცხარე დისკუსიის დროს. ეს დისკუსია და აჟიოტაჟი კი ბაგრატის ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს მოჰყვა. ამ სამუშაოებს ორგვარად აფასებენ: პროექტის ავტორები და ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება ამ უძველესი ძეგლის გამაგრებისა და შენარჩუნების მიზნით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ამას ძეგლის ავთენტურობის ხელყოფად მიჩნევს. საბოოლოო ჯამში, ეს წმინდა ექსპერტული „ჭიდილი", საზოგადოებრივ დისკუსიად და ვნებათაღელვად იქცა, რადგან კამათში ასეთმა ნოტამ გაიჟღერა: ბაგრატი შეიძლება მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან ამოიღონ.

„რეალურად, ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, ტრაგიზმი არ არის, რაც დღეს ბაგრატზე ხდება. თანაც, სიიდან ძეგლის ამოღება არც ისეთი მარტივი პროცედურაა. ჯერ ერთი, შემდეგი კომიტეტის სხდომა არის ორი წლის შემდეგ და მანამდე ბევრი დროა მომზადებისთვის, დებატებისთვის. დამერწმუნეთ, არ ჩათვლის იუნესკო, რომ ეს ეწინააღმდეგება ძეგლთა დაცვის უნივერსალურ პრინციპებს..." - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია, ან ოფიციალური დასკვნა საკითხთან დაკავშირებით და მხარე ამას არ ასრულებს, ეს ნამდვილად შეიძლება გახდეს ძეგლის სიიდან ამოღების საფუძველი, თუმცა, ჯერჯერობით, იუნესკოს მხრიდან ასეთი დოკუმენტი არ არსებობს.

„თუ იუნესკოსთან არ ვიმუშავებთ და არ ვითანამშრომლებთ, შეიძლება ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ რაღაც გაუაზრებლად კეთდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის, პროექტი ძალიან კარგადაა გააზრებული და მომზადებული. უბრალოდ, საჭიროა სწორი კომუნიკაცია იუნესკოსთან, რაც დაევალა კიდეც კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს," - ამბობს გოკა გაბაშვილი. ამრიგად, იუნესკოსთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ბაგრატის ტაძარს ამის გამო არავინ ამოიღებს მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან. ხოლო, თუ მაინც ამოიღეს, თავის გასამართლებელი არგუმენტიც აქვთ: ძეგლთა დაცვის სააგენტოს თქმით, „თუკი ამ სამუშაოებს არ შევასრულებთ, მაშინ, ეს იგივეა, სახლი დაგენგრეს. რომელი ჯობია, კარგ სახლში იცხოვრო, რომელიც არ გენგრევა, თუ რომელიც დაგენგრევა? მე მგონი - იმაში, რომელიც არ დაგენგრევა."

თუმცა, ალბათ, საკითხი უფრო სხვანაირად დგას, ვიდრე იუნესკოსთან კომუნიკაციის პრობლემაა. მთავარი პრობლემა ის მეთოდებია, რომლითაც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია თუ გამაგრება მიმდინარეობს: რამდენად არღვევს ძეგლის ავთენტურობას ეს მეთოდები? ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, როგორი ბაგრატი დაგვრჩება: ორიგინალი, თუ კარგად გაკეთებული ასლი?

„ნებისმიერი შეხება ძეგლთან, ნებისმიერი რესტავრაცია, გარკვეულწილად არღვევს ავთენტურობას. საუბარია იმაზე, დასაშვები დოზით არღვევს, თუ დაუშვებელი დოზით. დაუშვებელი დოზით აქ ავთენტურობა არ ირღვევა. ძირითადი ჩარევები რა ნაწილებშიც ხდება, ის არა ავთენტური, არამედ 1970 წლის რესტავრირებული ნაწილებია," - ასეთ შეფასებებს აძლევს მიმდინარე სამუშაოებს გოკა გაბაშვილი. ნიკა ვაჩეიშვილის თქმით კი, ის სვეტი, რომელიც დაიშალა, არ არის ავთენტური. ეს არის 70-იანი წლების ცემენტის სვეტები: „ჩარევა არის არატრაგიკული და ფრთხილი. სანაცვლოდ, გარანტია არის იმისა, რომ სტაბილური, მძლავრი იქნება და თავზე არ დაგვენგრევა, ეს ჯობია ნებისმიერ ფრთხილ და არაეფექტურ ქმედებას. დანარჩენი, იუნესკოს დელეგაცია ჩამოვა ოქტომბერში და, თუ რამე საპროექტოა ან შესაცვლელი, დაპროექტდება."

„რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აღდგენილი ბაგრატი მისაღები არ არის ჩემთვის. განსაზღვრულია, რომ აღდგენა მოხდება ტრადიციული მასალით, ანუ ქვით და კირის ხსნარით. ასეა ჩაფიქრებული, მაგრამ, რაც არის ისტორიული ნაწილი, მე-11 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, თუნდაც დაზიანებული სახით მოღწეული, - იმის ხელყოფად მიმაჩნია ამდენი ლითონის კონსტრუქციის ხმარება, კედლების არმირება, საძირკვლის მთლიანად ჩაბეტონება, საკურთხევლის კედლების დაბურღვა, ცემენტის ხსნარის შეყვანა. აი, ეს ყველაფერი აუცილებლად იმოქმედებს ნაგებობის მხატვრულ ღირებულებაზე, ესთეტიკაზე. მე ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია, შეჩერდეს სამუშაოები, გაანალიზდეს შექმნილი მდგომარეობა და გამოინახოს შექმნილი სიტუაციის გაგრძელების, ან დაშვებული შეცდომების გამოსწორების გზები," - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მანანა სურამელაშვილი.

პროექტის არქიტექტორის, ივანე გრემელაშვილის თქმით, არც ერთი რეკომენდაცია ან კონვენცია რკინა-ბეტონის გამოყენებას არ კრძალავს: „ვენეციის ქარტიაში ნათქვამია, თუ ავთენტური მასალა ადეკვატური არ არის და ძეგლის ხსნის საშუალებას არ იძლევა, შეიძლება თანამედროვე მასალების გამოყენება. არსებული სახით ტაძრის შენარჩუნება კი, ხელუხლებლად, შეუძლებელია, იმდენად არის დაზიანებული მისი საძირკველი და კედლები. ეს უკანასკნელად ჩატარებულმა კვლევებმა აბსოლუტურად დაადასტურა. რეკონსტრუქციაზეც რომ არ გვეფიქრა, ის მაინც უნდა დაგვეწყო, მაინც უნდა გაგვემაგრებინა. ამის ერთადერთი საშუალებაა ეს ყბადაღებული რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის. მხოლოდ რკინა-ბეტონის სარტყელს შეუძლია დაიცვას გრუნტები და თანაბრად გადაანაწილოს დატვირთვები. აქამდეც ქართულ სარესტავრაციო პრაქტიკაში რკინა-ბეტონის გამოყენების გარეშე სეისმური და საძირკვლის გამაგრების პრობლემა არ გადაწყვეტილა."

თუმცა, ოპონენტებისათვის ეს არგუმენტი მაინცდამაინც მისაღები არ არის. „აქამდე იდგა ბაგრატის ტაძარი ნანგრევის სახით; ყოფილა საკმაოდ სერიოზული მიწისძვრები, ცოტა ხნის წინაც იყო და არ გამოუწვევია ნგრევა. თუ დამატებით დატვირთვას ჩვენ ამ ნაგებობას არ მივცემთ, არ არის მოსალოდნელი მისი ასეთი კატასტროფული დაზიანება," - მიიჩნევს მანანა სურამელაშვილი, რომელიც რეკონსტრუქციაზე უფრო ბაგრატის ტაძრის კონსერვაციას და მისი ისტორიული ქსოვილის შენარჩუნებას ემხრობა.

„მთელს პერიმეტრზე ჩასხმული რკინა-ბეტონი ანადგურებს მთლიან არქეოლოგიურ ფენას. ამდენი ცემენტით მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე შეიძლება?" - აღშფოთებით კითხულობს არქიტექტორ-რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე, რომელიც ეკომოსის წარმომადგენელია საქართველოში და, როგორც თავად აცხადებს, ხშირად გაუკეთებია იუნესკოს და ეკომოსის დავალებით სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების შეფასება, ამიტომ ის კარგად იცნობს „შიდა სამზარეულოს." სწორედ მან გააჟღერა ის ნოტა, რომ შესაძლოა, ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო კულტურული საგანძურის სიიდან ამოიღოს.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ კარგად ვიცნობ იმ შეფასების სისტემას, რასაც იუნესკო იყენებს და, თუკი ეს სამუშაოები გაგრძელდება, ასეთი საშიშროების წინაშე მართლაც დავდგებით," - აცხადებს ქალბატონი ნატო და მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის მეთოდების გამოყენება - ძეგლის დაბურღვა და რკინა-ბეტონის ჩასხმა, უფრო მეტად, გამოწვეულია არა მდგრადობის შენარჩუნების, არამედ ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატების სურვილით.

მოკლედ რომ ვთქვათ, საუბარია გუმბათზე, რომელიც სრულად აღდგენის შემდეგ დაედგმება ტაძარს და რომლის ზიდვაც შეუძლებელი იქნება უკვე არსებული, ავთენტური თუ 70-იან წლებში რესტავრირებული კონსტრუქციისათვის. ამ განზრახვის გარეშე, არ იქნებოდა საჭირო ასეთი დიდი ოდენობის რკინა-ბეტონი. არქიტექტორი ივანე გრემელაშვილი ადასტურებს, რომ საბჭომ გადაწყვიტა, გამაგრებული სამუშაოები გაკეთებულიყო ისე, რომ მომავალში ნებისმიერი დატვირთვისთვის გაეძლო, თუმცა, იმასაც დასძენს: ასეთი სამუშაოების ჩატარება და მეთოდების გამოყენება მაინც აუცილებელი იქნებოდა, მოხდებოდა თუ არა ტაძრის სრული სახით აღდგენა. დღეს აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია. „ალტერნატივა - ძეგლი უნდა აღდგეს თუ იუნესკოს სიიდან ამოირიცხოს, დაუშვებელია. ასეთი ალტერნატივა არ დადგება," - ამბობს გოკა გაბაშვილი.

ასე რომ, საბოლოო ჯამში, მაინც იმ მთავარ კითხვამდე მივედით: უნდა აღდგეს ბაგრატის ტაძარი, თუნდაც მისი ავთენტურობა მნიშვნელოვნად ან ბოლომდე დაიკარგოს, თუ მოხდეს მისი კონსერვაცია, თუნდაც მისი შუშაში ჩასმა მოგვიწიოს (ეს უკანასკნელი იდეა სწორედ იუნესკოს ექსპერტებს ეკუთვნით). რა თქმა უნდა, აზრი აქაც ორად არის გაყოფილი და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეფასების საგანია... ოღონდ არა მხოლოდ არქიტექტორების და კონსტრუქტორების მხრიდან. ასეთი დისკუსია ხელოვნებათმცოდნეების კომპეტენცია უფროა. აქ მნიშვნელოვანია ეკლესიის როლიც. საპატრიარქო, ბუნებრივია, ტაძრის სრულ აღდგენას ემხრობა და მისთვის მიუღებელია შუშაში ჩასმული ეკლესია. ტაძრის სრულ აღდგენას ემხრობა ხელისუფლებაც. ეჭვია, რომ საკუთარი პიარისთვის - მიხეილ სააკაშვილს სურს, ბაგრატის ტაძარს გუმბათი თავისი პრეზიდენტობის ხანაში დაადგასო, - ასეთმა აზრმაც გაიჟღერა ქართულ მედია-სივრცეში. უდავოა, ასეთი მნიშვნელობის ძეგლზე არც ერთი კედელი არ უნდა გაიბურღოს ისე, სანამ ყველაფერი არ იქნება აწონილ-დაწონილი, ყველა შეფასება შეჯერებული. გვინდა თუ არა ეს, ბაგრატის ტაძარს, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ისტორიულ-მხატვრული ღირებულება გააჩნია და ის არ არის, უბრალოდ, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში აშენებული ეკლესია. ის უკვე მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა და, უპირველეს ყოვლისა, მისი მხატვრული თუ ისტორიული ღირებულების გამო. თუკი ეს ღირებულება დაიკარგება, ალბათ, ხელთ ჩვეულებრივი ეკლესია შეგვრჩება, რომელიც კარგად ჰგავს ძველს, მაგრამ ის ძველი არ არის. იუნესკოს სიას რომ თავი გავანებოთ, ჩვენ თვითონ გვიღირს თუ არა ეს?!

ზყთყ პარლამენტის დერეფანში ასეთ ფრაზას მოვკარი ყური - ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობდა: მიწისქვეშა ავთენტურობის დაკარგვა არაფერია, მთავარია მიწისზედა ავთენტურობა არ დაკარგოო... მე, რა თქმა უნდა, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ჩემს თავს უფლებას მივცემ, აზრი გამოვთქვა: როდესაც ასეთი უდიდესი მნიშვნელობის ძეგლია, მისი საძირკვლის ავთენტურობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს მაშინ, როცა მიწისზევით ის ძველი და ავთენტური ნაწილები ყველაზე ნაკლებად არის შემორჩენილი.

პაატა ცნობილაძე
22.09.2009
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE