„ნატვრის ხე“ თამარ მეფის ქუჩაზე

 

მოვსეირნობ ამასწინათ თამარ მეფის ქუჩაზე. ამინდები გამევიდა და რაღა გამაჩერებს სახლში, პატარა ჰაერი თუ არ ჩავყლაპე. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, მოვსეირნობ თამარ მეფის ქუჩაზე და გულს ახარებს ამდენი ახალგაზრდების ცქერა. არა, არ თქვას ვინმემ, საქართველოში ლამაზი გოგოები არ არიანო. პირდაპირ გულს უხაროდა ამ ქუჩაზე გასეირნება... მარა, ვაი დედა, მე იქ სანახაობა ვნახე!

გევიხედე, რას ვხედავ! თვალს კი ვარიდებდი ამ ქუჩაზე მომრავლებულ „ძონძების მარკეტებს", მარა ვინ მოგარიდებინა?

ერთგან, კაი ლამაზი ხე არ მოურთავთ „კურტკებით",  „იუბკებით", შარვლებით, „მაიკებით" და, რა ვიცი, კიდო რა სახის და რა რაოდენობის ჭრელა-ჭრულა „ევროპული" ტანსაცმლით? გული კინაღამ წამივიდა. ამას რას ვხედავ-თქვა, გევიფიქრე. ნატვრის ხესავით არ მოურთავს გამყიდველს იქვე, მაღაზიიდან გამოტანილი  „ევროპულით" ჩვენი კოპწია ხე? არა, მარკეტინგია თუ რაცხა ჯანდაბაა, ამის ნიჭი ქე ქონია იმ დალოცვილს: რავარი რეკლამის გაკეთება ცოდნია თავისი საქონლისთვის, იიფ!

მარა, ერთი რამ მაინტერესებს, ევროპა ვართო, თავი მოგვწონს ნამეტნავად, სტუმარი თუ ჩამოგვივიდა, ვატარებთ ამ ცენტრში აქეთ-იქით და ვამაყობთ ჩვენი ქალაქით. ვაიდა, მოხვდა თამარ მეფეზე?! საღად მიდიხარ მერე? რას ეუბნები იმ პატიოსან სტუმარს: აგი, ბიძია, ნატვრის ხეა, მოახიე პატარა ნაგლეჯი შენც რამეს და შეაბანტე ამ ხეს, სურვილი აგისრულდება-თქვა?

ისე, კი მაინტერესებს, ქალაქის იერსახეზე ვინ უნდა იზრუნოს: ჩვენ, მთავრობამ, თუ გადამთიელმა?

მე მგონია, ჩვენც და მთავრობამაც. 

ქაიხოსრო იმერეტინსკი
17.03.2009
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE