"გეცვას ქართული ჩოხა, დიდი პასუხისმგებლობაა"

 - ქართული ცეკვა ჩვენი განძია, ჩვენი ერისთვის ფასეული და ღირებულია, სიმდიდრეა, ჩვენი სულის ნაწილია. ქართველი კაცის გაჩენის დღიდან, მისი სულის გამოძახილია. რასაც ქართველი კაცი ყოველდღიურად აკეთებდა, ყველაფერ ამას ცეკვაში გამოხატავდა. მთელი ჩემი ცხოვრება ქართულ ცეკვას შევალიე და მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ამ საქმეს ვემსახურები, თუმცა მას უდიდესი შრომა და ენერგია სჭირდება. ეს არის ჩემი ცხოვრება. ამას, ალბათ, ბევრი მოცეკვავე იტყვის და ეს ასეა - ცეკვა ჩვენი სული და ცხოვრებაა.

- როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა?

- ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა "პიონერთა სასახლიდან" იწყება. მაშინ მე-3 კლასში ვიყავი. პირველი მასწავლებელი თემურ ჩხაიძე იყო, შემდეგ ქალბატონ ზეინაბ ბურჯანაძესთან აღმოვჩნდი - "მხატვრული აღზრდის სახლში". ნუგზარ ნინიძისა და ზეინაბ ბურჯანაძის მოსწავლეები ერთად აღმოვჩნდით და ასე ჩამოყალიბდა ანსამბლი "იმედი", რომელსაც არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქალაქი. ჩემი პროფესიონალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. მექსიკის გასტროლებიდან დაბრუნებული ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში გადავედი, სადაც 8 წელიწადი დავყავი. ამან ჩემს პროფესიონალურ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. 1998 წელს სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტში აღვმოჩნდი.

- როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- "სუხიშვილები", როგორც იცით, ერთ-ერთი უძლიერესი ანსამბლია საქართველოში, მას მთელი მსოფლიო ჰყავს გაოცებული. მე თავად ვნახე ეს ყველაფერი. ამ ანსამბლში მოღვაწეობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ეს არის პროფესიონალი ადამიანების მხრიდან დაფასება და დიდი პატივისცემის გამოხატვა. "სუხიშვილებში" ჩამოვყალიბდი, როგორც არა მარტო პროფესიონალი მოცეკვავე, არამედ - პიროვნება, ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შესაძლებლობები სხვასაც გადასცეს. ამ ანსამბლში შვიდი წელი დავყავი. ჩემს გვერდით მრავალი ნიჭიერი ადამიანი იყო, მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

- შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

- 2004 წელს მე და ჩემმა სამმა მეგობარმა შევქმენით ოთხკაციანი ჯგუფი - "კავკასიონი", ჩვენ მიწვევა გვქონდა შვეიცარიაში. ჩარლი ჩაპლინის შვილი აკეთებდა შოუს, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით. რვა თვის მანძილზე მთელი შვეიცარია მოვიარეთ, შემდეგ აგენტის საშუალებით აღმოვჩნდით საფრანგეთში, სადაც 1 წელი დავყავით. შემდეგ - გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში... ამ ქვეყნებში სხვადასხვა შოუში ვმონაწილეობდით. ერთ დღეს, როცა ქალბატონმა ზეინაბმა მაცნობა იმის შესახებ, რომ ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის პროფესიული ანსამბლი იქმნებოდა, მეც ჩამოვედი და დღესდღეობით ვარ ამ ანსამბლის, რომელიც "ფოლკლორის სასახლეში" არსებობს, მთავარი ქორეოგრაფი, დირექტორი ქალბატონი ზეინაბ ბურჯანაძეა.

- ზოგადად, ცნობილია, რომ ცეკვის მასწავლებლები მკაცრები არიან. თქვენ?

- დიახ, მკაცრი ვარ, ხანდახან პრობლემებიც კი მაქვს. ზოგჯერ, როცა დავფიქრდები, მგონი, ზედმეტი მომდის, ამას არ ვმალავ. ცეკვა ისეთი ფენომენია, ძნელია ტკბილი ხმით ბავშვებს რაღაც ასწავლო. სიმკაცრე, მგონი, ყველა ქორეოგრაფს სჭირს. როცა მშობელს ბავშვი ჩვენთან, "ფოლკლორის სასახლეში" მოჰყავს, ანუ ჩვენ ნდობას გვიცხადებს, ჩვენც, შესაბამისად, ეს ნდობა უნა გავამართლოთ.

- როგორ მიგაჩნიათ, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ცეკვა?

- ცეკვა მხოლოდ ხელის და ფეხის მოძრაობა არ არის. თუკი რაიმეს აკეთებ, ყველაფერს აზროვნება სჭირდება - სულ ერთია, ცეკვა იქნება თუ სპორტი. 6 წლის ასაკში, როცა ბავშვი სკოლაში შედის, ის მომზადებულია უკვე, რომ გაიაროს გარკვეული ეტაპები. უფრო ესმის, გაგიგებს, მოგყვება. ყოფილა შემთხვევა, მშობელს 6 წლამდე ასაკის ბავშვი მოუყვანია, შეიძლება მას ტალანტი ჰქონდეს, მაგრამ პატარაა, მალე იღლება.

- როგორც აღნიშნეთ, მრავალ ქვეყანაში ყოფილხართ გასტროლზე. რომელია ის ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- ყველა კონტინენტი მაქვს ნანახი. ჩემი საყვარელი ქვეყანა კი ავსტრალიაა. იქ ორჯერ ვიყავი: ერთხელ - "სუხიშვილებთან" ერთად, მეორეჯერ კი - ჯგუფ "კავკასიონთან" ერთად. ავსტრალიაში ყოფნამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, რომელიც, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ასეთი მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული ქვეყანა არ მინახავს.

- ქართულ ცეკვას ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს, მაგრამ არის თუ არა რომელიმე ცეკვა, რომელსაც გამორჩეულად იღებს უცხოელი მაყურებელი?

- მოგეხსენებათ, რომ ქართული ცეკვა თავისი ტემპერამენტითაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, ბევრია ცეკვა, რომელიც სიმშვიდეს გადმოსცემს - მაგალითად, "სამაია", "ოსური". "ხანჯლური" და "ხევსურული" ქართველ მაყურებელზე ახდენს ზემოქმედებას და წარმოიდგინეთ, უცხოელების ემოციები.

- ბოლო რამდენიმე წელია, ქართულ ხალხურ ცეკვებში თანამედროვე ელემენტები შემოდის, ამას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ, მისაღებია ეს თქვენთვის?

- როცა "სუხიშვილების" ანსამბლი შეიქმნა, მაშინ ის მოდერნული იყო. მათ ყოველთვის ჰქონდათ პრეტენზია ახალზე, ახლის შექმნაზე. როცა თავად ვცეკვავდი ამ ანსამბლში და როცა ახალი პროგრამა კეთდებოდა, შევქმენით ბენდი, რომელიც ქართულ ფოლკლორულ ინსტრუმენტებს ეხმარებოდა. ამას მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ გადიოდა დრო და სხვაც იგივეს აკეთებდა. რა თქმა უნდა, ქართულ ცეკვებში არსებობს უამრავი რამ, რასაც შეიძლება განვითარება მისცე. შეიძლება ადამიანმა 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე აკეთოს? არა, არ შეიძლება. ახალი ხომ უნდა შექმნა, განვითარდე, წინ წახვიდე?! უნიჭიერესი ადამიანია ილიკო უმცროსი, მან შექმნა რაღაც თავისი და ხალხს აჩვენა. სხვა რატომ ვერ აკეთებს? ეს არ არის იოლი. ამას დიდი ნიჭი ჭირდება. ჩემთვის ეს ყველაფერი სრულებით არ არის მიუღებელი.

- ყველა ცეკვის გათანამედროვებაა შესაძლებელი? ვთქვათ, "დაისისაც"?

- არის ის, რაც ხელშეუხებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვეთანხმები ამ მიმდინარეობას. მიმაჩნია, რომ ქართულ ცეკვაში ქალი უნდა დარჩეს იმ სიმბოლოდ, რაც ოდითგან არსებობს.

- არსებობს თუ არა ცეკვა, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულია?

- დიახ, ეს არის "ხორუმი", იგი მსოფლიოს საუკეთესო ცეკვაა. "ხორუმი" ამოუწურავია, აქ ბრძოლის ასოციაცია ხდება, სცენაზე გადმოგაქვს ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ბრძოლა შეიძლება იყოს და რამდენნაირად შეიძლება გადმოსცე ის. ბედნიერი ერი ვართ, რომ ასეთი ცეკვა გვაქვს.

- მრავალი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი არსებობს საქართველოში. აღიარებისთვის, ალბათ, განსაკუთრებული ნიჭი და შრომაა საჭირო...

- ეს საქმე უდიდეს შრომას მოითხოვს, გააჩნია მოცეკვავეს რაზე აქვს პრეტენზია, როგორია, მაქსიმალისტია, თუ - არა. იმისათვის, რომ ხელოვნების სამყარომ გაგიცნოს და გაღიაროს, შენი პროფესიონალიზმი დააფასონ, ამისათვის დიდი შრომაა საჭირო. ანსამბლმა "იმედმა" დიდ წარმატებას მიაღწია, ამაში განსაკუთრებული წვლილი ხელმძღვანელს ზეინაბ ბურჯანაძეს მიუძღვის. შეუძლებელია ამ ადამიანის ხელში რაღაცამ გაიაროს და მაქსიმუმს ვერ მიაღწიოს. ჩემი ყოფილი პედაგოგი ნუგზარ ნინიძე ნიჭიერი ადამიანია. მრავალმა კარგმა თაობამ გაიარა მათ ხელში, ყველამ ერთად შექმნა ეს ანსამბლი, სწორედ ამან განაპირობა "იმედის" დიდი წარმატება. გეცვას ქართული ჩოხა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩოხაში მხოლოდ შენ არ ხარ, მხოლოდ შენი პიროვნება არ არის, მის უკან მთელი შენი ქვეყანა, მთელი ერი დგას...

მარი მუშკუდიანი
06.02.2010
 
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE