დიდი, მოუწესრიგებელი მინდორი; მიმოფანტული ნარჩენები; ხეებსა თუ ბუჩქებზე შერჩენილი პოლიეთილენის პარკები; მსხვილფეხა რქოსნები; მაწანწალა ძაღლები და ადამიანები, რომლებიც ამ ნარჩენებში იქექებიან... ალბათ, მიხვდით - ეს ქუთაისის ნაგავსაყრელია, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს.
"რამდენიმე ათეული წელია აქ ვცხოვრობ და ამ ნაგავსაყრელს არა და არ დაადგა საშველი! განა, აშკარა არ არის, რომ სასწრაფოდ ზომების მიღებაა საჭირო? მითუმეტეს, ზაფხული მოდის და აქ ცხოვრება სიცხეში, ფაქტობრივად, შეუძლებელია," - ამბობს ნაგავსაყრელთან არსებული ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრები.
ნაგავსაყრელად წოდებული პოლიგონი აღნიშნულ ტერიტორიაზე 1962 წელს გაიხსნა. ამ პერიოდიდან დღემდე, გარდა იმისა, რომ ნარჩენს ნარჩენი ემატებოდა, მისი მოწესრიგების მხრივ არავინ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ის სურათი მეტყველებს, რაც ამ ტერიტორიაზე სუფევს. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2005 წლიდან გახდა, რასაც 2006 წელს "ევროკომისიის" ფინანსები მოჰყვა. "ევრკომისიისა" და ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივმა დაფინანსებამ თითქმის 200 ათასი ევრო შეადგინა, რათა ქუთაისში ნარჩენების პრობლემა მოგვარებულიყო.
"კომპლექსურად საკითხის დაყენება მოხდა ჩვენს მიერ. `ევროკავშირის~ მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თვითმმართველობის სახელით წარვადგინეთ პროექტი - ქუთაისში ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისა და ასევე, ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებელ პილოტურ მაკეტზე, ანუ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მოწესრიგება. პროექტმა გაიმარჯვა და გრანტის სახით მიღო 200 000 ევრო. ეს ორწლიანი პროექტი იყო," - ამბობს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი გია ცაცაშვილი.
ამის შემდეგ თითქოს რაღაც ძვრები იყო ამ კუთხით, ქალაქში გამოჩნდა ფერადი კონტეინერები სხვადასხვა სახის ნარჩენებისთვის და ა.შ. თუმცა, შემდეგ პროცესი ისევ მინელდა. ქალაქის ამჟამინდელი მერი გია თევდორაძე ირწმუნება, რომ ძალიან დაინტერესებულია ქალაქში დასუფთავების პრობლემის გადაჭრით, კერძოდ, ნაგავსაყრელის მოწესრიგებით. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება ქართულ-იტალური კომპანია "რაფანო სერვისსა" და მერიას შორის. ქალაქის მერიამ დააფუძნა ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელწოდებით - "მწვანე ქუთაისი", რომელიც იტალიური კომპანია "რაფანო სერვისს" გადაეცა 30-წლიანი მართვის უფლებით. სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქალაქში დასუფთავებისა და პირველ რიგში, ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება. მართალია, არსებობს ხელშეკრულება, თუმცა არ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განახორციელოს სამუშაოები იტალიურმა კომპანიამ.
ერთ-ერთი ვერსიით, იტალიელები ქუთაისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავენ. შპს "მწვანე ქუთაისის" ტექნიკური დირექტორის თამაზ ჩაკვეტაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა. "მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც უნდა წარედგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს, რათა ოფიციალური ნებართვა იქნას აღებული. უნდა მოხდეს ფოტოსურათების დადება, თუ რა როგორ გაკეთდება. ეს კი, თავისთავად, ერთბაშად არ გაკეთდება. მთავარია, პრობლემა მოგვარდება. ამ პროექტში ჩადებულია 3 მილიონი ევრო, თუმცა ეს თანხა, ცხადია, არ ეყოფა, სრულად ნაგავსაყრელის მოწესრიგებას. აქ კიდევ მეორე საკითხია, იტალიელებმა შემოგვთავაზეს, რომ არსებულ ნაგავსაყრელს მოაწესრიგებენ და ასევე, სხვაგან - ქალაქგარეთ შეარჩევენ ფართობს ქარხნის ასაშენებლად, რადგან არის ნარჩენები, რომლებიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, თუმცა ეს ჯერ კიდევ მხოლოდ განხილვის დონეზეა. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის," - ამბობს თამაზ ჩაკვეტაძე.
მისივე თქმით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო პროდუქციის წარმოებით დაკავდება, როგორიცაა მინა, პარკი და სხვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მოსალოდნელი მშენებლობის თაობაზე, შეიძლება ითქვას, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალურ რეგიონალურ სამმართველოში: "ქალაქმა გააფორმა ხელშეკრულება კომპანია "რაფანო სერვისთან". ჩვენ ეს გავიგეთ მესამე პირიდან, უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც კანონიდან გამომდინარე, წერილები გავაგზავნეთ, რათა გასული წლის ბოლომდე ყველა ობიექტს და მათ შორის, ნარჩენების საყრელ პოლიგონსაც მიეღო გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი ნებართვა. მერიიდან მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანიასთან, რომელიც ამ ყოველივეს მოაგვარებსო. ამის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ ხელშეკრულება, რომელიც გადმოგვეცა, მაგრამ იქ არ არის მითითებული არც ვადები, თუ როდის უნდა გაკეთდეს და არც ის - რა როგორ უნდა გაკეთდეს. შესაბამისი პროექტი არც გარემოს დაცვის სამინისტროშია წარდგენილი, რაც კანონის ძალით, უნდა იყოს," - აცხადებს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს უფროსი თემურ კეპულაძე.
მისივე თქმით, "ნაგავსაყრელის მოწესრიგების იდეა მისასალმებელია, თუმცა ვთვლი, რომ "რაფანო სერვისს" ქალაქის ინტერესები ნაკლებად აღელვებს, რადგან აქამდე პოლიგონის იზოლირება მაინც უნდა მოეხდინა. თუმცა, წინასწარი შეფასება რთულია, ვნახოთ, როგორ გააკეთებს ყოველივე ამას".
გია ცაცაშვილის თქმით, რომელიც ქუთაისში კოორდინირებას უწევდა "ევროკომისიისა" და "ევრაზიის ფონდის" მიერ დაფინანსებულ პროექტებს ნარჩენების მართვის შესახებ, ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას სერიოზული პროექტის შემუშავება ჭირდება, რადგან აუცილებელია შეიქნას სამარხები თანამედროვე ევროპული სტანდარტით, სადაც უნდა მოხდეს დაუმუშავებელი ნარჩენების ჩამარხვა.
"ეს არ არის უბრალოდ ჩამარხვა. შიგ უნდა ჩაიყაროს ნივთიერება, რომელიც ხელს შეუშლის ნარჩენების აალებას, შრეები უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ამისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო და 3 მილიონი ევრო საკმარისი ნამდვილად არ იქნება," - ამბობს გია ცაცაშვილი.
ქუთაისში დასუფთავების პრობლემით გასულ კვირას საკრებულოც დაინტერესდა. დეპუტატების შეკითხვაზე ქალაქის მერმა განმარტა, რომ იტალიელმა ინვესტორებმა 15 მარტს უნდა შემოიტანონ ქალაქში ახალი ტექნიკა - 2 ბულდოზერი და 200-მდე კონტეინერი. გია თევდორაძის თქმით, აღნიშნული პირობის შესრულება იქნება იმის განმსაზღვრელი, გააგრძელებს თუ არა ქალაქის მერია ურთიერთობას იტალიურ ფირმასთან დასუფთავების პრობლემის მოსაგვარებლად.