კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ში „რეგინფოს“ ისიც კი არ უთხრეს, ვინ ხელმძღვანელობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომ კითხვებით მისთვის მიგვემართა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთის პოლიციის უფროსად შოთა ჭანუყვაძე დაინიშნა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

გიორგი ბუბუნაური კახეთის პოლიციის დეპარტამენტს 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსად და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში იყო გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და ამავე სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები მინისტრის შეცვლის შემდეგ დაიწყო. 13 ნოემბერს შს მინისტრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. გახარიამ მინისტრის მოადგილეებიც შეცვალა.

 

 

წყარო: reginfo.ge

09.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE