ქუთაისში მაკარონის მწარმოებელი ქარხანა შენდება

ქუთაისში მაკარონის დამამზადებელი ქარხანა იმუშავებს.

საწარმო თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში ეწყობა, სადაც ქარხნის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"გეორგიან ინტერნატიონალ ჰოლდინგის" ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოები 6-8 თვეში დასრულდება.

"ქარხნის მშენებლობისთვის 100 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, ამ საწარმოში მაკარონთან ერთად სახამებელიც იწარმოება", - ამბობს მიხეილ თიგიშვილი.

მისივე თქმით, ქარხნის არსებობა ქუთაისს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ საწარმოში 250 მდე ადამიანი დასაქმდება, ასევე წარმოებული პროდუქტი ექსპორტზეც გავა.

ქუთაისის ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება ხდება.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ ეტაპზე უკვე მუშაობს ელექტროგამაცხელებლების მწარმოებელლი ქარხანა, რომელიც  28 მარტს გაიხსნა.

"ქუთაისიპოსტი"

30.03.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE