ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებს
სპექტრი. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ჩუმლაყის, სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრებს გიორგი დვალსა და იორამ ორთოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩუმლაყელებსა და კომისიის წევრებს შორის გარიგება მოხდა. მათ მოქალაქეებზე ყალბი ცნობები გასცეს, კომპენსაციის მიღების შემდეგ კი „დაზარალებულებისგან“ თანხის ნაწილი მიიღეს. დაკავებული გიორგი დვალი და იორამ ორთოიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. გიორგი დვალის ადვოკატი მაგული ღვალაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

- "შეგვაქვს საჩივარი აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. იმედი გვაქვს აპელაცია მაინც განიხილავს კანონიერად და ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აქტების ყველა ასლი გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რაც დარჩენილი იყო, ამოღებულია და გამოძიებას აქვს. ამიტომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მასზე ხელი აღარ მიუწვდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრალდება წარდგენილი აქვს 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ასეთ მუხლებზე საერთოდ არ უნდა იყოს გათვალისწინებული პატიმრობა."

კომისიის ერთ-ერთი წევრი გიორგი დვალი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი იყო. სასამართლოზე მყოფი გამგეობის თანამშრომლები და მისი მეგობრები წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ. გამგებლის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილმა კი, სასამართლო პროცესი აბსურდის თეატრს შეადარა. 

-"ეს იყო არა სასამართლო პროცესი, არამედ აბსურდის თეატრი, სადაც აშკარად იგრძნობოდა ყოფილი ხელისუფლების საცეცები. ბრალეულობა არის უმნიშვნელო, მაგრამ ადამიანებს შეეფარდათ აღკვეთი ღონისძიება. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება," _ აღნიშნა მან.

სასამართლომ მათთან ერთად დაკავებული მესამე პირი ბესარიონ ბერუკაშვილი 5 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურორის განმარტებით, ბესარიონ ბერუკაშვილმა მატერიალური ზიანი აანაზღაურა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუწყო. 

ლანა გულოშვილი
07.05.2013
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE