მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რეზიდენცია შენდება
მამა ბასილი (ვასილ შაყულაშვილი) _ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარი დაიბადა სოფელ ტაძრისში. იგი მეუფე სერაფიმემ გამოზარდა. მეთექვსმეტე წელია ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა.
განსაცდელი იყო მისი ცხოვრების გზაზე და ამ განსაცდელის დაძლევის მიზნით ეკლესიების აშენება-აღდგენა დაიწყო, რათა გამოესყიდა ცოდვა, რაც მის საგვარეულოს აწუხებდა. აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში. ორ წელიწადს მორჩილად იმსახურა. პარალელურად თავის დიდ ოჯახს _ მეუღლეს და 6 შვილს პატრონობდა და ასე დაიწყო მისი ეკლესიური ცხოვრება.
მორჩილების გავლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს. 1999 წელს მღვდლად დაასხა ხელი მეუფე სერაფიმემ და 12 წელია, რაც მღვდელია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
ღმერთის წყალობით ბორჯომის სამღვდელოებისა და მრევლის დიდი ხნის ნატვრა ახდა _ საბაზო სანატორიუმ ,,ლიკანის~ მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის რეზიდენციის მშენებლობას.
მე ცოდვილი, შეიძლება არც უნდა ვეხებოდე ისეთ წმინდა საქმეს, როგორიც რელიგიური წერილების წერაა, მაგრამ, ჩვენ, გაზეთის მუშაკებს, ღმერთმა ეს მისია დაგვაკისრა, ვწეროთ ყოველივე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. და, მე, როცა იშვიათად დავდივარ ეკლესიაში და სისტემატურად წირვებსაც ვერ ვესწრები, მაპატიოს უფალმა, მხოლოდ გულის სიღრმეში ძლიერად მწამს ღმერთი და კვლავ რელიგიის თემაზე ვწერ.
რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებით მამა ბასილს რამდენჯერმე შევხვდი. ამ ღვთის კაცმა თვითონ ითავა რეზიდენციის საძირკვლის ჩაყრა და გაბედა ესოდენ მნიშვნელოვანი საქმის დაწყება.
მამა ბასილ, როდის დაიწყო რეზიდენციის მშენებლობა, ვინ იყო პირველი სპონსორი, და რამდენად მნიშვნელოვანია რეზიდენციის ახალი შენობის აშენება?
_ ბორჯომის მოსახლეობას, მრევლს, სამღვდელოებას გული გვწყდებოდა, რომ ყველა ეპარქიას ჰქონდა საკადრისი რეზიდენცია და ჩვენ კი აქამდე ვერ გამოვნახეთ ადგილი, რომ ჩვენს მეუფეს ღირსეულად ეცხოვრა და ეღვაწა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სტუმრად მიგვეღო.
სააკაძის ქუჩაზე, სადაც ახლა მეუფე ცხოვრობს, ამის საშუალება არ არის. წელს გადაწყდა რეზიდენციის მშენებლობა და მე განვაცხადე, რომ ჩემს თავზე ავიღებდი რეზიდენციის საძირკვლის ჩაყრას. ხალხს უყვარს მეუფე სერაფიმე, ვიცოდი, მრევლი, მოსახლეობა და ბიზნესმენები დაგვეხმარებოდნენ. ინიციატივა ღმერთის წყალობით კი ავიღე, და ამ საქმისათვის მხარში დამიდგნენ მამა ფოკა, მამა ზურაბი, მამა იოაკიმე, მამა გაბრიელი, მონასტრების დედები, რომლებმაც თანხა შეგვაშველეს. და რაც აღსანიშანვია, დიდი თანხა გაიღო თამაზ კურტანიძემ ხუთი ათასი ლარი გამოყო საძირკვლისთვის, მან პირველი დახმარება გაგვიწია, რამაც დიდი სტიმული და იმედი მომცა რეზიდენციის მშენებლობის დასაწყებად. თანხები მოგვაწოდეს ბაკურიანიდან ნიკო კურტანიძემ _ მან ტრაქტორი მოგვაშველა საძირკვლის გასათხრელად, ასევე ტექნიკით მაშინვე დაგვეხმარა სტეფანე გაბრიელიძე, ამას მოჰყვა სპონსორების მოზღვავება გამგეობის მხრიდან. ხარებავა, თემურ სტეფნაძე, ჯუმბერ კურტანიძე ცემენტითა და ბეტონით დაგვეხმარნენ. ჩვენს ეკლესია-მონასტრებს რაც კი დანაზოგი ჰქონდათ, მოგვაწოდეს. რაიონის დეპუტატმა გიორგი ტალახაძემ შემოგვწირა თანხა თავის მეგობრებთან ერთად. მომიტევონ, ვინც გამომრჩა, ისინი თავისი სურვილით გვეხმარებიან და ღმერთმა დალოცოს... ვახტანგ მაისურაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი დალოცოს ღმერთმა, ისინიც საარმატურე მასალით გვამარაგებენ.
საძირკვლის ჩაყრაზე ძალიან დიდძალი არმატურა და ცემენტი დაიხარჯა.
  რა ტერიტორიაზეა გადაჭიმული საძირკველი, როგორი შენობაა გათვლილი რეზიდენციისთვის?
_ შენობის სიგრძე 19 მეტრია, სიგანე _ 16 მეტრი. რეზიდენციას ერთი ჰექტარის ფართობი უკავია, ეს ტერიტორია ეპარქიისთვის ბიზნესმენმა და მეცენატმა თამაზ გელაშვილმა ჩვენთვის შეიძინა. რეზიდენცია სამსართულიანი იქნება. ერთი სართული მთლიანად დაეთმობა ჩვენს პატრიარქს თავისი აპარტამენტებით, სადაც ჩამობრძანდება და დაისვენებს, ასევე უცხოელ სტუმრებს მიიღებს. ამავე შენობაში განთავსდებიან ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია და მეუფე სერაფიმე.
წელს საძირკველისა და ერთი სართულის აშენება გვაქვს გეგმაში. ცხადია, ღვთის ხელი იგრძნობა და ეს გვაძლევს ყოველივეს იმედს. მონასტრები წირვა-ლოცვას აძლიერებენ, ოთხი ეკლესია ლოცულობს და დიდი შეწევნაა ღმერთისგან. ასე, რომ ღმერთი აკეთებს ყველაფერს, ჩვენ კი შემსრულებლები ვართ ამ საშვილიშვილო საქმის.
რეზიდენციის მშენებლობა წმინდანის ათანასე ათონელის ხსენების დღეს, 18 ივლისს დაიწყო. ერთი თვე მოვუნდით მიწის სამუშაოებს. საძირკვლის მშენებლობაზე ძირითადად მრევლი გვეხმარება. კერძოდ, სანატორიუმ ,,მთის ხეობის~ მრევლი ყოველდღე მUუშაობს, ასევე სანატორიუმ ,,ლიკანის~ მეორე კორპუსის ლტოლვილი ახალგაზრდობა. მკათათვეა და სოფლებიდან მრევლი მთაში თივას ამზადებს და ამ მკის დროს მართალია გამოთქვეს სურვილი დახმარებაზე, მაგრამ ზამთრისთვის თივაც ხომ უნდა მიიტანონ სახლში და მათ ფიზიკურად არ სცალიათ, თორემ კორტანეთის, ყვიბისის და სხვა სოფლებიდან მრევლი მზადაა, რომ ამ წმინდა საქმეში ხელი წაგვაშველონ უსასყიდლოდ და უანგაროდ.
გოჩა ლომიძე, მალხაზ კაპანაძე თავიანთი ძალებით გვეხმარებიან, აგრეთვე არქიტექტორი ნანა ლომიძე, რომლებიც აცხადებენ, რომ მეუფესთვის ყველაფერს გავაკეთებთო და მართლაც ასეა. მეც მათი დახმარებით საძირკველის გათხრა და ამოშენება განვახორციელე. რეზიდენციის პროექტი მეუფე სერაფიმეს ძმამ თემურ ჯოჯუამ გადმოგვცა. სართულის მშენებლობა რომ დაიწყება, შემდეგ მუდმივად გვეყოლება მშენებელი-სპეციალისტი, რომელიც გააკონტროლებს მშენებლობას.
რეზიდენციის შენობა გარდა უცხოელი სტუმრებისა, ჩამოსული ბერებისთვისაც იქნება განკუთვნილი, იქნება კელიები, ოთახები, _ მამაოებისთვის და მონაზონთათვის. ყველა სასულიერო პირს ექნება ღამის გათევის და აქ ცხოვრების საშუალება.
რეზიდენციის შენობა ჩვენი ეპარქიის სახე უნდა იყოს. ესაა ძლიერი სარწმუნოების მაჩვენებელი, რომ ამ ქალაქში, რაიონში ღრმადმორწმუნე მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც პატივს სცემენ თავის მეუფეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელსაც კურორტ-ქალაქში დასვენების საშუალება ექნება. რეზიდენცია სახეა იმისა, რომ სექტები, რომლებიც დღეს ესოდენ მომრავლდნენ, მათთან ბრძოლას უწყობს ხელს. სექტები გვაფხიზლებს, ამიტომ დღეს ჩვენ ვამაყობთ ეკლესიათა სიმრავლით და წინააღმდეგობას ვუწევთ მათ. პატარა ერი ვართ და ხშირად დათმობაზეც წავსულვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლობა ჩვენში მყარად არ დგას. მცირე ერი უფრო ძლიერად ვაცნობიერებთ გულში ჩამალულ ჩვენს არსებას: ენას, მამულს, სარწმუნოებას. დე, ამ წმინდა შენობის მადლით, რეზიდენციის არსებობით განმტკიცდეს მართლმადიდებლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი, მტერი აშოროს და მოკეთე გაუმრავლოს.

ირინა კუჭუხიძე
01.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 15 °C + 12 °C
ღამით + 1 °C + 4 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.