შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტესტები 420 აშშ დოლარის ღირებულებისაა.

"სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია"-წერს კალანდია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი.

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც.როგორც ეკატერინე ტიკარაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწრაფი ტესტებით ტესტირების ვადა 6 საათის ნაცვლად საათნახევრამდე შემცირდება, რაც პირველი ეტაპისთვის უფრო შემოკლებულ ვადებში პაციენტების ნაკადების მართვის საშუალებას მოგვცემს.

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას.

1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000- ს. საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათი მოგროვება და შესყიდვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტესტები გაკეთდება მარნეულში“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია