შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას განიცდიდა მამაკაცი ბანკის ძარცვის მცდელობის დროს - მასალები სასამართლოდან

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021
მამაკაცს, რომელიც 2018 წელს, ბანკის ძარცვის მცდელობაში იყო ბრალდებული, სააპელაციო სასამართლომ ყაჩაღობის მუხლი უფრო მსუბუქი, იძულების მუხლით შეუცვალა და 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება პროკურორმა ნანა ჯაყელმა გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა: ,,სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რადგან საქმის მასალებიდან ცალსახად ირკვევა ბრალად წარდგენილი ქმედებისაგან განსხვავებული შემადგენლობა, კერძოდ, მსჯავრდებული სისტემატურად თამაშობდა კაზინოში, რის გამოც დაუგროვდა ვალები, დაენგრა ოჯახი და დაკარგა სამსახური (მას საბანკო სფეროში საქმიანობის ათწლიანი გამოცდილება გააჩნდა). იგი ჩამოყალიბდა აზარტულ თამაშს დამოკიდებულ პირად, ჰქონდა მუდმივი ლტოლვა აზარტული თამაშისადმი, დაკარგა თვითკონტროლი და ვეღარ ახერხებდა თამაშისათვის თავის დანებებას. ამ ყველაფრის ფონზე განუვითარდა ლუდომანიისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური სიმპტომები - სინდისის ქენჯნა, უიმედობა და საკუთარი თავის დასჯისადმი მისწრაფება. ამიტომ მან გადაწყვიტა საკუთარი თავი დაესაჯა და მოაწყო "ბანკის ძარცვის" ინსცენირება. - აღნიშნულია სამოტივაციო ნაწილში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მამაკაცი ბანკში შევიდა და სალარო ოთახიდან გამომსვლელ თანამშრომელს მიმართა სიტყვებით: "ძარცვაა, პატრული გამოიძახე!". ,,მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომელმა მსჯავრდებულს წაართვა მის ხელთ არსებული დანა, მიუთითა დამჯდარიყო ბანკის მოსაცდელ სივრცეში და პატრული მოვიდოდა, მსჯავრდებული დაემორჩილა მითითებას, დაჯდა და რამდენიმე წუთი მშვიდად დაელოდა სამართალდამცავების მოსვლას. სასამართლოს მიაჩნია, რომ  ქმედება არ შეიცავს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნებს, რადგან არ არის გამოხატული აშკარა და აქტიური თავდასხმა და მსჯავრდებულის განმარტება, რომ მისი ქმედების განზრახვა არ იყო ყაჩაღობა, არამედ გამომდინარეობდა საკუთარი თავის დასჯის სურვილიდან, სრულად არის გასათვალისწინებელი. მსჯავრდებულის ქმედებაში სხვისი საკუთრების ხელყოფის მიზანიც არ იკვეთება, მის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა პატრულის გამოძახების სურვილი და აღნიშნული განზრახვის სანდოობას ამყარებს მსჯავრდებულის ქმედება, რომელიც ბანკის თანამშრომლის მითითების შესაბამისად დაჯდა მოსაცდელ სივრცეში და რამდენიმე წუთი მშვიდად ელოდებოდა პატრულის მოსვლას. - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. ეს ფაქტი მოხდა 2018 წლის ზაფხულში, თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცი  დაახლოებით 18:54 საათზე მივიდა ფილიალში, გაეცნო იქ არსებულ ვითარებას, წყლის დისპანსერიდან დალია წყალი და დატოვა ტერიტორია. დაახლოებით 19:12 საათზე იგი დაბრუნდა ბანკის ფილიალში. ამ დროს ბანკის ღია სივრცეში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ, რადგან სალაროში მოლარე-ოპერატორს შეჰქონდა დღის განმავლობაში მიღებული ფულადი თანხა. მამაკაცი მივიდა სალარო ოთახთან და დაელოდა შესაბამის მომენტს, როდესაც მოლარე-ოპერატორი გახსნიდა სალარო ოთახის კარს და გამოვიდოდა ბანკის ღია სივრცეში. პროკურორის თქმით, სალარო ოთახიდან მოლარე-ოპერატორის გამოსვლისას  ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით თავს დაესხა მას და შეეცადა სალარო ოთახში შესვლას. მოლარე-ოპერატორმა წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, მოაშორა სალაროს კარს და წაართვა დანა. მოლარე ოპერატორს დაუზიანდა ხელი. შს სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 150-ე მუხლით (იძულებით) შეიცვალა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია