შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძე: თუ პოლიტიკური პარტია არჩევნებში 3%-ს მიიღებს, ის 750 000 ლარით დაფინანსდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ. ოპოზიციის მხრიდან სხდომას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ესწრება. ევროპული საქართველოს დეპუტატები ამბობენ, რომ მათ საკუთარი წინადადებები აქვთ და მათი არ გათვალისწინების შემთხვევაში, განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა. ის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ეხება პარტიების დაფინანსებასაც. როგორც კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, თუ პარტია არჩევნებში 3%-ს მიიღებს, რაც დაახლოებით 50 ათას ხმას ნიშნავს, ის დაფინანსების სახით 750 ათას ლარს მიიღებს, ხოლო თუ დაცული იქნება გენდერული კვოტირება, პარტია დამატებით, 30%-ს მიიღებს.

„პირველი 50 ათასი ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას თითოეულ ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას რომ თუ თითოეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს, ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი - რაც არის 30%, შესაბამისად 1 მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სხდომაზე ასევე ისაუბრა, არჩევნებზე რეგულაციების გამკაცრებაზე. მისი თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და სამართლებრივ სანქციად ჯარიმაა გათვალისწინებული.

„მკაცრდება რეგულაციები, რომლებიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, არა მხოლოდ 100 ლარის ზევით მოსყიდვა, არამედ 100 ლარამდე მოსყიდვაც ხდება უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და სისხლის სამართლებრივ სანქციად გათვალისწინებულია ჯარიმა. ასევე ჯარიმა სისხლის სამართლებრივი სანქცია არის გათვალისწინებული მხარდამჭერთა სიებში მანიპულაციისთვის“,-აცხადებს კობახიძე.

საარჩევმო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს ხვალ პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე უყრიან.  დოკუმენტი კი საბოლოოდ 2 ივლისამდე დამტკიცდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია