შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ბელგიურ გამოცემა L’echo-სთან – სრული ვერსია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

კრიზისი ბელარუსში, ნავალნის მოწმვლა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, –  ამ საკითხებზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ბელგიურმა გამოცემა, L’echo-მ ჩაწერა.

– ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროპა ჯერ კიდევ შოკშია. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

– არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ალექსეი ნავალნის მოწამვლა. პუტინი იმ ოპონენტებს, რომლებიც მას საშიშად მიაჩნია ყოველთვის უკიდურესი ძალადობით პასუხობს.

ასევე, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები კლემლისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი, რომელმაც ლუკაშენკოს გამოწვევა გაბედა, ბლოგერია. ისევე როგორც ნავალნი.

აგრეთვე, ინტერნეტი – თავისუფლების ეს წარმოუდგენელი სივრცე, რომელსაც ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ, პოლიტიკური ოპონენტები და დისიდენტები კრემლისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენენ.

– თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი ამბობს, რომ განსხვავებული ხმების ჩახშობა კრემლის ინტერესებში არ შედის..

– ამის თქმა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც რუსეთს არ იცნობს. პუტინი ყოველთვის დაუნდობელი სისასტიკით მოქმედებს. ეს მისი სტილია. ის არაპირდაპირ გადაწყვეტილებს არ იღებს. ნავალნის მოწამვლით მან ძალიან ბევრ ადამიანს საკმაოდ ცხადი, ცალსახა მესიჯი გაუგზავნა.

– დღეს ბელარუსი არნახული თავისუფლების წყურვილითაა გაერთიანებული. როგორ ფიქრობთ მიაღწევენ წარმატებას პროტესტის მონაწილეები?

– მე ამის მჯერა, რადგან დღეს ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალიან ერთიანნი არიან. საპროტესტო მოძრაობა ერთდროულად სპონტანური და უდრეკია. ბელარუსში, მთელი საშუალო ფენა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

– განახორციელებს თუ არა პუტინი სამხედრო ჩარევას როგორ მან თქვა?

– ასე არ ვფიქრობ. პუტინს კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც წინასწარ არ გაახმაურებს. უბრალოდ გადახედეთ რა მოხდა უკრაინასა და საქართველოში. ჯარის გაგზავნამდე კრემლი  თავის გეგმებს წინასწარ  არ აცხადებს. სანამ ძაღლი უკბენს ადამიანს, წინასწარ აფრთხილებს ამის შესახებ?! თუმცა, ბელარუსში სამხედრო ჩარევას აზრი არ ექნება. ბელარუსის საპროტესტო აქციები არ ჰგავს უკრაინაში მეიდანზე ან საქართველოში მომხდარ 2003 წლის ვარდების რევოლუციას. ბელარუსში დემონსტრანტები ყველგან არიან. ქარხნები გაფიცვების გამო პარალიზებულია. საპროტესტო მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და ამ ყველაფრის ჩახშობა ძალიან რთული იქნება იარაღის გამოყენებით.

– დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა საგარეო პოლიტიკამ „ამერიკა უპირველესად“ მნიშვნელოვნად შეასუსტა ისტორიული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს დემოკრატიებს შორის. გაწუხებთ ეს საკითხი?

– რა თქმა უნდა, მე ეს საკითხი მაწუხებს. მაგრამ ამაზე განსაკუთრებით ამერიკელები უნდა წუხდნენ. ამერიკა, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობს, მსოფლიო საქმეები მიმართ ინტერესს კარგავს, არის ერი, რომელიც საკუთარ თავს იზოლაციაში აქცევს. რაც უფრო მეტად შეაქცევს ამერიკა ზურგს მსოფლიო დემოკრატიებს, მით უფრო მეტად დაშორდებიან ისინი შეერთებულ შტატებს. ამერიკა მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის. ის უპირველეს ყოვლისა დიდი იდეების კატალიზატორია,  „რბილი ძალის“ დაუძლეველი წყარო. ამ ისტორიულ ფონზე უარის თქმა, ბუნებრივია საზიანოა ვაშინგტონისთვის, ისევე როგორც მისი მოკავშირეებისთვის.

– აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიიდან რისი სწავლა შეგვიძლია?

– საკმაოდ ნერვული საარჩევნო კამპანიის მოწმენი ვართ. განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელიც აშშ-ში განსაკუთრებით მძვინვარებს. ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება. ამჟამად, ბაიდენი ტრამპს უსწრებს. მაგრამ სრულიად შესაძლებელია ეს უპირატესობა თანდათან შემცირდეს. ორივე კანდიდატს კარგად ვიცნობ. მინდა ვთქვა, რომ ტრამპის დაუფასებლობა არ უნდა დავუშვათ.

– რატომ?

– ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი გაიგოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს საზოგადოებრივ აზრს.  მიხვდეს როგორია მის ქვეყანაში ხალხის განწყობა. ასევე, მან იცის სად არის კარგი შესაძლებლობები. მხოლოდ უახლოეს გამოკითხვებს არ უნდა დავეყრდნოთ. ტრამპი უზარმაზარი კამპანიის ლიდერია.

– New York Times- ის წამყვანმა მიმომხილველმა ახლახან დაწერა, რომ თუკი ტრამპს ხელახლა აირჩევენ, ის შეიძლება ანტიდემოკრატიულ მიმართულებას მიყვეს,  რომელიც უნგრეთში ვიქტორ ორბანმა დაიწყო. ეთანხმებით?

– ეს შედარება არასწორია. შეუძლებელია აშშ-ს უნგრეთთან შედარება. მეორე მხრივ, არ ვფიქრობ, რომ უნგრეთის დემოკრატია, რომელსაც ვიქტორ ორბანის ავტორიტარიზმი ახშობს, მკვდარია. თუ უნგრელებს ხელისუფლების შეცვლა სურდათ, ამას არჩევნებზე წასვლით გააკეთებდნენ.

– ევროპაში, პოპულისტურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთ ქვეყნებში ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვეს. ამაზე რას ფიქრობთ?

– პოლიტიკაში არასდროს არსებობს რაიმე საბოლოო. ამასთან, პოპულისტური აზროვნების ზრდა საზოგადოებრივი აზრის უკმაყოფილების ფონზე ხდება. უდავოა, რომ მარტივი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მსგავსი პოლიტიკური პარტიები გვთავაზობენ, იშვიათად არის ხოლმე სწორი.

დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები დღეს შემპყრობილები არიან საზოგადოებრივ საქმეთა პროცედურებით, პროცესებითა და წესებით, მათი ამომრჩევლები კი სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს ითხოვენ.

– ძალიან ბევრი პოლიტოლოგი დასავლეთის ვარდნაზე საუბარს კვლავაც აგრძელებს, ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

– ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ ე.წ. ლიდერობის კრიზისი, რომელიც დასავლეთის დემოკრატიების უმრავლესობას ახასიათებს. სახელმწიფოს სათავეში აღარ არიან დიდი მოღვაწეები, პოლიტიკურ ელიტებს ღირებულებებისა და იდეალების განსახიერებად, რომლებიც ამომრჩევლებს აერთიანებენ, აღარ აღიქვამენ. დღევანდელი პოლიტიკა მოკლევადიან პერსპექტივაში ჟონგლიორობს. ევროპა კი ამ ყველაფრის ცენტრშია…

– თუ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას გადავხედავთ, ავტორიტარული რეჟიმების აღმავლობას ან კონსოლიდაციას მარტივად შევამჩნევთ. ამის მიუხედავად, შეგვიძლია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება?

– ავტორიტარულ რეჟიმებს დემოკრატიულ სისტემებთან შედარებით უპირატესობა აქვთ: მოახდინონ გრძელვადიანი ცვლილებები, არ დაექვემდებარონ ამ დროის დიქტატურებს. დემოკრატიული ქვეყნები კი პირიქითი,  იძულებულნი არიან ყოველდღიური ცხოვრება წარმართონ. კოვიდ პანდემიამ დაგვანახა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ ერთი საკითხის ქვეშ მობილიზება, რათა საერთო მტერს ებრძოლონ. უფრო მეტიც, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უკეთ მოახერხეს კრიზისის მართვა, ვიდრე ავტორიტარულმა რეჟიმებმა.მოახლოებული საფრთხის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია თავიდან აღმოვაჩინოთ ერთიანობა – ეს მდგრადი პულსი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც კვლავ გამოუსწორებელ ოპტიმისტად დავრჩები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია