გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მძიმე და დამთრგუნველია ჩემს მშობლიურ მხარეში არსებული რეალობა!
კარიერული მიღწევების კვალდაკვალ მშობლიურ მხარესთან კომუნიკაცია არასდროს შემიწყვიტავს, თუმცა სრულად არ მცოდნია შიმშილისა და სიღარიბის მასშტაბები.
სიდუხჭირე და სხვა ცხოვრებისეული გამოწვევები არ მიკვირს, ის ერთ დროს ჩემი განუყრელი თანამგზავრიც იყო, რომელიც თავდაუზოგავი შრომით დავამარცხე, მაგრამ მე მაშინ წარმატებისთვის ბრძოლა შემეძლო, მცირე შანსი მქონდა, რომელსაც არ შეველიე და გამარჯვებად ვაქციე, აქ კი, ჩემს ხალხს მცირე შანსიც არ დაუტოვეს და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ოჯახების ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის იძულებულია მეზობელ სახელმწიფოში გადაიხვეწოს.
ჩვენი ხალხი სხვა ქვეყანაში სამუშაოდ არ უნდა მიდიოდეს, ჩვენ აქ, საკუთარ მხარეში გვჭირდება შრომისუნარიანი ხალხის ღირსეულად დასაქმება, მათ აქ უნდა შექმნან დოვლათი. ისიც ხაზგასასმელია, რომ ხშირად ირღვევა მათი შრომითი და სხვა უფლებები, მათზე კი არავინ არსად ზრუნავს, ცხადია არც უცხო ქვეყანაში!
ერთ-ერთ შეხვედრაზე ახალგაზრდა ქალბატონმა ბრძანა, ერთი სული მაქვს საპენსიო ასაკმა დაიწიოს, რომ პენსია მაინც მივიღოო. თითქოს თავზე ცივი წყალი გადამესხა! ასე ცხოვრება დაუშვებელი და ღირსების შემლახველია.
გურიაში ხალისი, იმედი და შანსები უნდა დაბრუნდეს !
გურია კვლავ უნდა ვაქციოთ სიცოცხლის სამოსახლოდ!
ახლა მე შანსებს ვხედავ, იმაზე ბევრად დიდს, ვიდრე წარსულში მე მქონდა და არც ახლა ვაპირებ დანებებასა და დამარცხებას, უნდა გავიმარჯვოთ !
ვირწმუნოთ საკუთარი თავის, ვირწმუნოთ მოახლოებული გამარჯვების!"