შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და დღეს ბლოკში გაწევრიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს, ეკონომიკურად კი საქართველოში ღვინის სექტორს დააზიანებს.
"ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომლებიც დადებული გვაქვს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან... ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? აღარ გვექნება. იმიტომ, რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და, საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე. ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, მათ საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ… აბა შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.
ევროკავშირმა კარგად იცის, როდისაა ქვეყანა მზად გაწევრიანებისთვის და ყველაზე დიდი არაკეთილსინდისირებაა, რომ ამბობენ, ჩვენი კარი ღიაა და მობრძანდითო, ქართველ ხალხს ამის განჭვრეტა შეუძლია, ასეთ კარგაღებულ ნატოსთან ვდგავართ ამდენი წელია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, როცა ამით ჩვენ მოვიგებთ და არა წავაგებთ, დღეს რომ გავხდეთ წევრი, რეგულაციებით ჩვენს ეკონომიკას დავანგრევთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანებისთვის მზად 2030 წელს იქნება, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად მაღალ დონეზე განვითარდება.
"ჩვენ როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და 2030 წელს ინსტიტუციურად ვიქნებით იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს ვიღაცამ, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ ჩვენი თავი. გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.