შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მიღებულია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მათ იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია გაუნაწილებელი მანდატების საკითხიც – ისინი თანმიმდევრულად განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

ცვლილების თანახმად კახეთში 2 ოლქი შეიქმნება. ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია