შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში პროექტის „ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020

თელავში ინოვაციური პროექტის „ჩემი ქუჩა – ჩვენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდება მუშაობა კონკრეტული ქუჩის მოსახლეობის გააქტიურებაზე, თვითორგანიზებაზე და მათი საჭიროებების გამოვლენაზე; ასევე მოსახლეობის ჩართულობით ისეთი ხედვების ფორმირებაზე, როგორიცაა ქუჩის გრძელვადიანი გაცოცხლების და განვითარების პერსპექტივა.

პროექტს სათემო განვითარების ცენტრი და მედია ცენტრი კახეთი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება ქუჩის განვითარების პოტენციალის კვლევა.

სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, პროექტის მენეჯერის ანა მარგველაშვილის განმარტებით, აღნიშნული ქუჩის ისტორიის შესწავლა და მისი განვითარება მნიშვნელოვანია.

,,პროექტი მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის სამეზობლო ინიციატივის განვითარებას, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე გვინდა განხორციელდეს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც შეისწავლის აღნიშნული ქუჩის ისტორიას და განვითარების პოტენციალს ოჯახების დონეზე. ეს არის ხელოსნების უბანი და გვაინტერესებს რა შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს მისი განვითარებისთვის. გარდა ამისა, ამას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები რაც გამოიხატება ტრენინგების ჩატარებაში, პროექტების წერაში და სხვა’’,– განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

ანა მარგველაშვილის განმარტებით, სოციოლოგიური კვლევა კარდაკარის პრინციპით ჩატარდება, პროექტის მეორე კომპონენტი კი მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის ისტორიის კვლევასთან ერთად ისტორიული ტურის განვითარებას.

,,ამ მიზნით ქუჩის მოსახლეობასთან ჩაიწერა ვიდეო-ინტერვიუები. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე კი ჭავჭავაძის ქუჩის მოცემული მონაკვეთის განვითარების ხედვაზე იმუშავებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებისგან. პროექტის მსვლელობა და მისი შედეგები იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის.“

ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი, ირინა სეფერთელაძე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის ქუჩის ისტორიის გაცოცხლება, საუკუნეების წინ მცხოვრები მოქალაქეების საქმიანობის მოკვლევა და არსებული პერსპექტივების გადააზრება ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.

,,ქალაქ თელავში ჭავჭავაძის ქუჩის წარსულის გადააზრება და ისტორიების მოკვლევა მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა იმ ეკონომიკური საქმიანობების მოძიება, რასაც ამ ქუჩაზე მცხოვრებლები გასულ საუკუნეებში ეწეოდნენ. მიღებულ ინგორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პერსპექტივების გადააზრება მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კუთხით. ასევე შემდეგ საინტერესოა მცხოვრებლების ინტერესების თანხვედრა და მათი ინტერესების შეჯერება იმ პროექტებთან, რომლიც დაგეგმილია თვითმმართველობის მიერ’’,- განაცხადა ირინა სეფერთელაძემ.

პროფესორ თენგიზ სიმაშვილის განმარტებით, ჭავჭავაძის ქუჩა გასულ საუკუნეებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური წერტილი იყო, სადაც განვითარებული იყო მეთუნეობა, მჭედლობა და სხვა პროფესიები, რომლის გაცოცხლება და საზოგადოების ფართო ფენისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თვითმმართველობას შექმნას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი.

,,ამ ქუჩაზე უძველესი ისტორიული სახლებია, რომელიც არქიტექტურით გამოირჩევა. აქ არსებული ხელოსნობის დარგების გამოკვლევით, იმ ინფორმაციის მოძიებით რომლითაც ახლა ვართ ჩვენ დაკავებული, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ ქალაქის თვითმმართველობას მიეცემა კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი, ეს ქუჩა აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად.

ჩვენ შევდივართ ოჯახებში, ვიწერთ ზეპირ ისტორიებს, განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ იმ ოჯახებზე, ვისი წინაპრებიც დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა უძველესი ხელობით. გადმოცემით, ჭავჭავაძის ქუჩაზე თურმე ცხოვრობდნენ მეთუნეები, მჭედლები. ზოგან ამზადებდნენ თევზსაჭერ ბადეებს, შალისგან სხვავდასხვა ნივთებს და სხვა’’,- განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია