კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურა საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი სტრასბურგში გაასაჩივრა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2021

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი სტრასბურგში გაასაჩივრა.

ის მიზეზად გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს ასახელებს. ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილმა დარღვევებმა ვერდიქტზე გავლენა მოახდინა.

გარდაცვლილი ზურაბ საჩიშვილის ოჯახს, ვერდიქტის გასაჩივრების თაობაზე, ინფორმაცია არ აქვს.

თელავში სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით, განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაზე, ნაფიცი მსაჯულები თითქმის ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. საბოლოო ვერდიქტზე მსაჯულების 11 კაციანი შემადგენლობა თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ, ვანო ზანდარაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მკვლელობის საქმის ხელახალი განხილვაა დასაშვები.

შეგახსენებთ, მკვლელობის ფაქტი, 2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოხდა.

პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი, ოთხი გასროლით, სამსახურებრივი იარაღის გამოყენებით, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია