კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეებისთვის შსს ინფორმაციას აქვეყნებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ.

დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ.
ამ დრომდე, ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა, რაც იარაღის მესაკუთრეთა უკმაყოფილებას იწვევდა.

იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში. იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.

მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები. ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.

დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამასთანავე, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა, ასევე, იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირების, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა.

მიღებული ცვლილებების თანახმად დადგინდა ნებართვის მიღების უფრო მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობები და პროცედურები.
ცვლილებებით გათვალისწინებულია ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია პრევენციისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დასანერგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფით და მოქალაქეებისთვის მოქნილი მომსახურების მიწოდების მიზნით სერვისების დახვეწას და გაუმჯობესებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია