კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის „იდეატორთა კლუბი“ პროექტის გამარჯვებულია

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2022
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, Usaid საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო „იდეატორთა კლუბის“ მიერ განხორციელებულმა პროექტმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
„იდეატორთა კლუბი“, რომელშიც მოსწავლეები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდნენ, მოიცავდა 21- საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებისკენ მიმართულ კლასგარეშე აქტივობებს.

პროექტი 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, 2022 წლის ივნისში დასრულდა. იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას - პროექტების წარდგენას და დაჯილდოებას - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო USAID საბაზისო განათლების პროგრამის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, კახეთის რეგიონალური მენეჯერის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ნინო ნახუცრიშვილის ხემძღვანელობით.

მისი შეფასებით, ყველა გუნდი დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა.
„კახეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული აქტივობების განხორციელების მიზნით შეირჩა სსიპ ერეკლე მეორის სახელობის ქ.თელავის N1, სსიპ მ.კოსტავას სახელობის ქ.თელავის N4, სსიპ ქ.თელავის N5, სსიპ ქ.თელავის N7 და სსიპ გურამ ჭილაშვილის სახელობის ქ.გურჯაანის N4 საჯარო სკოლები. პროცესს ხემძღვანელობდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 10 სტუდენტი, ხოლო კოორდინირებას უწევდნენ USAID საბაზისო განათლების პროგრამის თესაუს გუნდის 5 ტრენერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გუნდი მუშაობდა დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ მათგან გამორჩეული იყო გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც პროგრამის წინაშე წარადგინა მეტად საინტერესო და ორიგინალური პროექტი და შედეგიც წარმატებული აღმოჩნდა: ამ გუნდის მიერ შემუშავებული პროექტი შეფასდა, როგორც საუკეთესო ყველა წარდგენილ პროექტს შორის, შესაბამისად, დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა“.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ უნივერსიტეტის რექტორატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის გამარჯვებული გახდა გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი - “ხეტიალა“. გუნდის ხელმძღვანელი და ტრენერი იყო ამავე სკოლის წარმატებული პედაგოგი, ირმა იაკობიშვილი, ლიდერები- თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები - ნონა სონღულაშვილი და ნინო ქიტესაშვილი, ხოლო მონაწილეები იყვნენ მე-5 და მე- 6 კლასის მოსწავლეები.



„ პროექტის იდეა ასეთი იყო, მოსწავლეების წარმოდგენით, ტყეში, უფროსების გარეშე რამდენიმე დღით დაკარგვის შემთხვევაში რა პრობლემების გადაჭრა და რომელი უნარ- ჩვევების გამომუშავება მოუხდებოდათ მათ.
ბავშვებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, ასევე გამოკითხეს უფროსი თაობის წარმომადგენლები და პედაგოგები,თუ როგორ შეიძლება მსგავს პირობებში თავის გადარჩენა,საკვებისა და სასმელის წყლის მოძიება;გზის გაგნება ბუნებრივი ორიენტირების საშუალებით,თავშესაფრის აგება; სამკურნალო და საკვები მცენარეების ამოცნობა; ბუნებაზე ზრუნვა და გარემოში უსაფრთხოების წესების დაცვა და ა.შ.



მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი,ორიგინალური და საინტერესო პროდუქტი: მოთხრობა „ტყეში დაკარგული ბავშვების თავგადასავალი“, რომლის ტექსტი შედგინა მე-6 კლასის მოსწავლემ, მარიამ მოსულიშვილმა, ხოლო ილუსტრაციები დაურთო მე-5 კლასის მოსწავლემ, სალომე თევდორაშვილმა (მოთხრობა მომზადდა როგორც ნაბეჭდი, ასევე - ელექტრონული სახით); საქართველოს ტყეში არსებული სამკურნალო და საკვები მცენარეების მცირე კატალოგი; ტყეში მოსაწყობი თავშესაფრის მაკეტი; გუნდის ლოგო და დროშა; საინფორმაციო ბუკლეტი რჩევებით ლაშქრობის მსურველთათვის; რუკები გურჯაანის ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ტურისტული ბილიკების აღნიშვნით.



წარმოდგენილმა პროდუქტმა ჟიურის ერთ- ერთი წევრის, გოჩა ღაღაშვილის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მან აღუთქვა გუნდს დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა გურჯაანში ტურისტული ბილიკების აღმნიშვნელი ბანერების განთავსებაში,“ - გვიყვება გუნდის ხელმძღვანელი ირმა იაკობიშვილი.

პროექტის პრეზენტაციის მოსმენით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი.



„ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ ასეთ აკადემიურ დონეზე ჩატარებული პროექტი იშვიათად მომისმენია. ყველა მონაწილემ სიამაყით ისაუბრა გაწეული მუშაობის შესახებ და საინტერესოდ წარმოადგინაშედეგები. სოლიდური წვლილი, რა თქმა უნდა, პროექტის ხელმძღვანელს, ტრენერ მასწავლებელს-ირმა იაკობიშვილს და ლიდერებს მიუძღვით, თუმცა მოსწავლეებიც საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და ამაყობდნენ შესრულებული სამუშაოთი, რითაც გააოცეს აუდიტორია და გულწრფელი შექება დაიმსახურეს. ეს მათთვის საუკეთესო გამოცდილებაა მომავალში სასკოლო თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით პროექტების განხორციელებისთვის.უფრო მეტად სასიამოვნო კი ჩვენი გუნდის გამარჯვება იყო. ვთვლი, რომ ეს ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებაა. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID საბაზისო განათლების პროგრამის კახეთის რეგიონალურ მენეჯერს, ქალბატონ ნინო ნახუცრიშვილს.“



მიღწეული შედეგით კმაყოფილია გუნდის ხელმძღვანელი ირმა იაკობიშვილი.
„მე წილად მხვდა პატივი, მეხელმძღვანელა ჩვენი სკოლის იდეატორთა კლუბისთვის. კლუბის საქმიანობა მოიცავდა აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობდა მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების - კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტის უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. საინტერესო იყო სტუდენტებთან მუშაობაც. ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. იდეატორთა კლუბის მუშაობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ხელს უწყობს სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას, ეს კი მომავალი წარმატებული პედაგოგების მომზადების წინაპირობაა. ჩვენს სკოლას აქამდე ასე მჭიდრო კავშირი უნუვერსიტეტთან არ ჰქონია. ვულოცავ კლუბის ყველა წევრს, თითოეულ მოსწავლესა და სტუდენტს ამ წარმატებას.“

პროექტში ჩართული სტუდენტების თქმით, ეს მათთვის საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო, რადგან სასწავლო პროცესში განხორციელებულ პრაქტიკასთანერთად, მოსწავლეებთან კლასგარეშე გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობაც მიეცათ.

ბავშვებს მიღწეულმა წარმატებამ მოტივაცია აუმაღლა და მომავალშიც მსგავს პროექტებში მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

ყველა მონაწილე სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია