დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი
დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში
დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
სხდომას არ ესწრებოდნენ არც მედიისა და არც ოპზიციის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ წევრების გარდა სხდომას ესწრებოდა „ევროპელი
სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა,
რომ მესამე მოსმენის ფარგლებში, კანონპროექტში განიხილება მხოლოდ
რედაქციული ცვლილებები და არ განიხილება მისი შინაარსობრივი
ცვლილებები.
„შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება ხომ არ გაქვთ? შეკითხვა, შენიშვნები,
მოსაზრებები არ არის“, - განაცხადა ოხანაშვილმა, რის შემდეგაც
კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს
კენჭი უყარეს და მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსულ
კანონს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს
გაინიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს
ღამე გაუთენეს. საპროტესტო აქციაზე შეკრება მომიტინგეებმა გუშინ, 12
მაისს 21:00 საათიდან დაიწყეს.
აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის
სტუდენტებიც. მათი განცხადებით, ისინი იქამდე არ დაუბრუნდებიან
აუდიტორიებს, სანამ მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს.
გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ რუსული
კანონის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, იგი ვეტოს დაადებს
მას.