კახეთი
თელავში მომხდარ მკველობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 სექტემბერი 2024
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
„საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი
გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის
სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის
უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.
მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის
„ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და
236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო ტარება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის
სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის
მიმართ გამოცხადდა ძებნა,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.