კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის საჯარო სკოლებში წელს 500-ზე მეტი პირველკლასელი მივიდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 სექტემბერი 2024
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.

„25-ვე საჯარო სკოლაში დაირეკა ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი, ბავშვებს მიულოცეს სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა, მშობლებთან ერთად. მე, პირადად, პირველ საჯარო სკოლაში გახლდით, შევედი დაწყებითების კორპუსში, ვნახე კლასები როგორ აქვთ მორთული. ბავშვებს უხარიათ, სითბოს გამოხატავდნენ მასწავლებლების მიმართ და ძალიან კარგი განწყობით დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი.

წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ კლასში დაგვირეგისტრირდა 500-ზე მეტი მოსწავლე, სულ არის 7100-ზე მეტი მოსწავლე,“ - გვეუბნება დალი მინდიაშვილი.

ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი კვლავ ალტერნატიულ ფართში დაიწყეს ბაკურციხის, არაშენდისა და ვაჩნაძიანი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. როგორც დალი მინდიაშვილი ამბობს, შესაძლოა ორი სკოლის რეაბილიტაცია, ერთ თვეში დასრულდეს.


„ბაკურციხის სკოლის მოსწავლეები დადიან ალტერნატიულ ფართში, სკოლის წინ არსებულ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ბაკურციხის შრომისმოყვარეობის სახლში. ხოლო არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - კაჭრეთის სკოლაში.

ზოგადად ხელშეკრულების ვადა 16 თვიანი იყო, რომელიც შარშან სექტემბრის დასაწყისში გაფორმდა ბაკურციხისა და არაშენდის საჯარო სკოლაში. ვფიქრობ, ეს 16 თვე საჭირო არ იქნება. იდეაში, დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და ერთ თვეში, ვფიქრობ, ორივე საჯარო სკოლა ალტერნატიული ფართიდან გამოვა და მოსწავლეები ახალრეაბილიტირებულ ძალიან ლამაზ კეთილმოწყობილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.“

მისივე თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა იგეგმება ვაჩნაძიანის სკოლასთან მიმართებით.

„ჯერ პირველი ეტაპის სკოლების რეაბილიტაცია სრულდება, ინფორმირებულია სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი თვის წინაც იყვნენ ჩამოსულები და ნახეს მდგომარეობა. ველოდებით, რომ მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული იქნება.“ - ამბობს დალი მინდიაშვილი, თუმცა მისთვის უცნოობია, თუ როდის დაიწყება მეორე ეტაპი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია