შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფორტეპიანო არის ჩემი რვეული, ფანტაზია კი კალამი - ერეკლე თურქაძე

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
,, სერიალის ქასთინგის შესახებ სოციალური ქსელების დახმარებით გავიგე, როცა გასაუბრებაზე მივდიოდი, წინათგრძნობა მქონდა, რომ წარმატებას მივაღწევდი და ასეც მოხდა. ვაჩვენე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ბატონ გიორგის მოვეწონე.“

ერეკლეს თქმით, გადაღებები ძირითადად თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს, თუმცა სიუჟეტური ხაზი ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარიმართოს. როლის შესახებ კი აღნიშნავს, რომ მისი პერსონაჟი ძალიან ჰგავს, რადგან სერიალშიც მუსიკოსს ასახიერებს.
ერეკლე თურქაძე ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი ,,საქართველოს ვარსკვლავში“ შესრულებული მუსიკალური ნომრით გახდა . ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მის მუსიკალურ ცხოვრებაში.



,,საქართველოს ვარსკვლავმა ძალიან დიდი წარმატება მომიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე გამოსვლა მქონდა. ჩემი ვიდეო იყო ძალიან პოპულარული და ყველაზე ნახვად ვიდეოებშიც დასახელდა.“

მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, თუმცა როკ-ენ-როლი მის ცხოვრებაში ორი წლის წინ შემოიჭრა, სწორედ ამის შემდეგ მიუდგა მუსიკას პროფესიონალურად ახლა საკუთარ ნაწარმოებებსა და სიმღერებსაც ქმნის.

,,ფორტეპიანო არის ჩემი რვეული, მუსიკალური სმენა და ფანტაზია კი - კალამი, ასე აღვბეჭდავ მასზე მუსიკას და გადმოვცემ ჩემს სათქმელს სიმღერებში.

ახლა მახსენდება ერთი ისტორია, როცა წლების წინ მუსიკალური სკოლის ცარიელ საკონცერტო დარბაზში მარტო ვუკრავდი და თან წარმომედგინა, რომ ოთახი სავსე იყო ჩემი გულშემატკივრებით, ამ დროს ერთ-ერთი მასწავლებელი შემოვიდა და უხეშად მითრა, რომ შემეწყვიტა უაზრო ბრახუნი და ნორმალური მუსიკა შემესრულებინა. ამან ჯერ გული დამწყვიტა, შემდეგ კი, ძლიერი მოტივაცია მომცა. ახლა, როცა ჩემს მიღწევებს ვხედავ, ვფიქრობ, რომ მისმა ამგვარმა უარყოფითმა კომენტარმა ჩემზე დადებითი და გარკვეულწილად, გარდამტეხი გავლენა მოახდინა.“

მომავლის შესახებ ახალგაზრდა ვირტუოზს მკაფიო გეგმა არ აქვს, ამბობს, რომ მისი ცხოვრების კრედოა ,, მიყევი ცხოვრებას და იმღერე“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია