შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებლური ეკლესია კვირიკობას აღნიშნავს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.

ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.
წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია