შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოველთა თავშესაფარში 116 ვოლიერი განთავსდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020
გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩვენთან საუბარში საქმის მწარმოებელმა, ვალერი ყავალაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები, ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.


„ეხლა მიმდინარეობს გადახურვის და მოპირკეთების სამუშაოები. კეთდება აგრეთვე ელექტროგაყვანილობა და გათბობა. სულ 116 ვოლიერია გაკეთებული და თითო ოთხი კვადრატია. აქ პერიოდულად ეყოლებათ ცხოველები, უმკურნალებენ და მერე ისევ დააბრუნებენ გარემოში. რაც შეეხება ინვენტარს, ჩვენ მხოლოდ გათბობის სისტემას დავაკომპლექტებთ. ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. “

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის ფუნქციებში, შევა: ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა.

ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
თავშესაფრის მშენებლობაზე 1 800 000 ლარი იხარჯება.

როგორ მოხდება ამ დაწესებულების მართვა, ან ვინ იქნება პასუხისმგებელი მის მუშაობაზე, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ საკითხზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია