შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელი - სახელად პანდემია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 დეკემბერი 2020
26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - 2020 წლის ჩემეული ათვლა, ისევე როგორც ალბათ კიდევ ბევრის, აქედან იწყება.
ზუსტად მახსოვს დაუცველობის შეგრძნება, რომელიც მაშინ დამეუფლა, უფრო სწორად - მეორე დღეს, როდესაც აფთიაქში პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი საერთოდ ვერ ვიშოვე.

21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

მანამდე, 2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. უფრო ადრე კი, 30 იანვარს, ჯანმო-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, პნევმონიის აფეთქებით დაიწყო.

საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დაიხურა რესტორნები და კაფე-ბარები, აიკრძალა სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა და 70 წელს გადაცილებული პირების გარეთ გასვლა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

31 მარტის 21 საათიდან გამოცხადდა კომენდანტის საათი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ვეღარ გადავვადგილდებოდით, როგორც ტრანსპორტით , ასევე ქვეითად, კანონდამრღვევთათვის კი დაწესდა სპეციალური ჯარიმები.

უფრო მეტად მაშინ წარმოვიდგინე ვითარების სირთულე, როდესაც თელავიდან გურჯაანისკენ მომავალს სპეციალური გამშვები პუნქტის გავლა მომიწია. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პუნქტები რამდენიმე ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებში მოეწყო.

4 აპრილს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და საზოგადოებაში პანდემიით გამოწვეულმა პანიკამაც იმატა. ყოველი დილა იწყებოდა ინფორმაციის გაცნობით - კიდევ რამდენი ადამიანი შეემატა კოვიდსტატისტიკას.
ყველაზე დიდი გამოწვევა, იმ პერიოდში, ალბათ, აღდგომის დღესასწაულისთვის დადგა. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რა პანდემია, წირვა-ლოცვას აუცილებლად უნდა დავესწროთო და მეორენი, ამ ხალხს ამუნათებდნენ და მომავალში, კორონავირუსის გავრცელების პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. სწორედ ამიტომ, 17 აპრილს სრულად აიკრძალა ავტომანქანებით გადაადგილება, აიკრძალა აგრეთვე აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე ტრადიციული გასვლა.

მერე, 23 მაისიდან, თითქოს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა: ნელ-ნელა შევეჩვიეთ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას, გაუქმდა საგანგებო რეჟიმი, მოიხსნა კომენდანტის საათიც. თანდათანობით გაიხსნა რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები და პანდემიაც ცოტა ხნით დავივიწყეთ - ქვეყანა არჩევნების რეჟიმზე გადაერთო.

წინასაარჩევნო კამპანია კახეთში ჩვეული კახური სიდინჯით მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო ექსცესებს, ამგვარად წარიმართა კენჭისყრის დღეც - 31 ოქტომბერი. რასაც მკვეთრად აპროტესტებდა ოპოზიცია, საარჩევნო უბნებიდან მათი წარმომადგენლების გამოძევება იყო, სხვა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც არჩევნების შედეგებზე იმოქმედებდა, რეგიონში არ დაფიქსირებულა. გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში კი - მეორე ტური დაინიშნა.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, სწორედ ამიტომ ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მოთხოვნა ხელმეორე არჩევნების ჩატარება იყო, მაგრამ ხელისუფლებამ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პარტიებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა, მეორე ტური 21 ნოემბერს რამდენიმე ოლქში (მათ შორის კახეთში) მაინც გაიმართა. პარლამენტში ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე შეიკრიბა და 85-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე კი, არჩევნების ციებ-ცხელებას პანდემიამ ისევ ცოტა ხნით მოგვწყვიტა. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 28 ნოემბრიდან შეზღუდვები კვლავ დაიწყო, რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის თელავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, დაიხურა ბაზრობები და მოლები.
ახლა უკვე დეკემბრის ბოლოა, წინასაახალწლო განწყობა პანდემიის ფონზე ნაკლებად იგრძნობა, მით უფრო, როდესაც ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ, რომ 2021 წლის დადგომა ვიწრო წრეში, ოჯახურ გარემოში, მოკრძალებულად აღვნიშნოთ.

პანდემია და არჩევნები - ეს არის 2020 წლის ორი მთავარი მოვლენა. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ 2020 - ჩემთვის ეს არის წელი, სახელად პანდემია და არაფერი იმის იქით...



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია