შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ გურჯაანში წყაროს წყლებს არავინ ამოწმებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2021
თითქმის ორი წელია, რაც ვაშლების, ბელახევისა და ახტალის წყაროები არც ერთ ინსტანციას არ შეუმოწმებია. მიზეზი ერთია - წყლის ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობას არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ უწყებებში არავინ იღებს.

ქალაქ გურჯაანში ექვსი წყაროა, რომელსაც ადგილბრივი მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. ონკანის წყალთან შედარებით, ადგილობრივები უპირატესობას წყაროს წყალს იმ არგუმენტით ანიჭებენ, რომ ქლორის გემო და სუნი არ აქვს.
92 წლის ბერდო ღრუბელაძე უკვე 55 წელია, რაც ქალაქ გურჯაანში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე "ვაშლების წყალთან" ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, სხვა წყალს არც სვამს.
„მთელი გურჯაანი ამ წყლით სარგებლობს, მაგრამ ვიცი, რომ უკვე დიდიხანია არ შემოწმებულა. ბასეინი, საიდანაც წყალი მოდის, ხავსს იკიდებს ხოლმე. ადრე, დაახლოებით, რვა წლის წინ, გავწმინდეთ, იმის შემდეგ არავის გახსენებია. ჩვენი ასაკის ხალხს უკვე აღარ შეგვიძლია, ახალგაზრდობა კი ამაზე არ ფიქრობს. მართალია, პატრონი არ ჰყავს, მაგრამ მაინც ამის სინაბარასა ვართ. ჩვენ ქალაქის წყლით არ ვსარგებლობთ. ჩემი აზრით, ვაშლების წყალი უკვე სანდოც აღარ არის. ერთი ბასეინი გააუქმეს. მეორე ვიღაცის ეზოშია მოქცეული და იქ რა ხდება, არავინ იცის. თუმცა, მართალი რომ გითხრათ, არ ყოფილა შემთხვევა, წყალს რამე მოჰყოლოდეს. წვიმის დროს სხვა წყლები რომ იმღვრევა, ეს მაინც სუფთა რჩება.“
როგორც speqtri.ge-მ გაარკვია, ქალაქში წყაროს წყალს არც ააიპ მუნიციპალური სერვისი და არც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამოწმებს.

მუნიციპალური სერვისის დირექტორის, ლევან წინწალაშვილის განმარტებით, მათ მხოლოდ სოფლის წყლების შემოწმება ევალებათ.
„ჩვენ როტაციურად მოვყვებით და გეგმიურად, კვირაში შვიდ ანალიზს ვაკეთებთ. წელიწადში ერთხელ ხდება რეზერვუარების გარეცხვა, მინიმუმ ორჯერ კი - დაქლორვა. ანალიზების ჩატარების დროს, თუ სადმე რამე არ მოგვეწონება, დამატებით ვახდენთ ჩარევას, ვრეცხავთ, ვქლორავთ და ამის შემდეგ ხელახლა ვაკეთებთ ანალიზს. გვაქვს დაახლოებით 130 რეზერვუარი და თვენახევარში ერთხელ, პრაქტიკულად ყველას ვამოწმებთ. ერთი წელია, რაც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ვარ და დაბინძურების არც ერთი შემთხვვევა არ გვქონია. ხანდახან სათავე წვიმების დროს იმღვრევა, ან მილი ზიანდება, თუმცა ეს არ ქმნის ბაქტეოროლოგიურ და ქიმიურ ცვლილებებს. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ წყაროებს, მათი შემოწმება ჩვენ არ გვეხება.“

ქალაქ გურჯაანში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლზე ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის წყალმომრაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური ზრუნავდა, თუმცა ის ორი წლის წინ გაუქმდა და მუნიციპალურ სერვისს შეუერთდა. ყოფილი უფროსის და ამჟამად მუნიციპალური სერვისის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის, ნოდარ ქართლელიშვილის თქმით, ქალაქ გურჯაანში არსებული წყაროები წელიწადზე მეტია არ შემოწმებულა.
„როდესაც ჩვენი ძველი სამსახური ფუნქციონირებდა, იმ დროს ვამოწმებდით წყაროს წყლებს, სინჯებს ყოველთვე ვიღებდით. ამჟამად ჩვენ მარტო სოფლის წყლების კონტროლი გვევალება. თავის დროზე, დაახლოებით, ათი წლის წინ, ვაშლების წყლის ერთ- ერთი სათავე დავკეტეთ იმიტომ, რომ საპირფარეშო იყო ახლოს. ამ წყლით ალბათ მთელი გურჯაანი სარგებლობს. ახტალის წყლის სათავეც წლების წინ გოგა უტიაშვილმა გაასუფთავა. ამჟამად არც იქ ვიცით რა ხდება. რაც შეეხება, ე.წ. კუჭის წყალს, ისიც წლების წინ შემოწმდა და რადიაცია აღმოჩნდა. წარწერაც გავუკეთეთ, რომ მისი დალევა არ შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, ხალხი ისევ სარგებლობს. წყაროების შემოწმება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ თუ ვინმე დაგვავალებს, რა პრობლემაა?“

ამ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც მივმართეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქალაქის წყაროების შემოწმება, არც მათი კომპეტენციაა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ფილიალის წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერის, ნინო ნაცვლიშვილის განმარტებით, მათ მხოლოდ იმ წყლის ხარისის შემოწმება ეხებათ, რომელიც ონკანზე მოდის.
„ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა სერვისცენტრში გვაქვს ლაბორატორია, სადაც ყოველდღე მიმდინარეობს კონტროლი სასმელი წყლის ორგანულეპტიკურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. რეგიონის ლაბორატორიებიდან ყოველდღიურად ვიღებთ ანალიზის პასუხებს. თვეში ერთხელ ან ორჯერ პირადად ჩავდივარ რეგიონებში და ვაკეთებ სინჯებს. ამ ყველაფერს ვაგზავნით თბილისის სათაო ოფისში. მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს სასმელ წყალზე და საერთო მონაცემებით აკმაყოფილებს ტექნიკური რელამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ქალაქის წყალი ყოველდღიურად იფილტრება და იქლორება. რაც შეეხება კონკრეტულად გურჯაანს, წლებია უკვე აქ არანაირი დარღვევა არ გვქონია. ყველაზე კარგი წყალი ამ ქალაქს მიეწოდება.“

როგორც speqtri.ge-ს განუცხადეს, წყაროს წყლების შემოწმება არც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ეხება. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თეა შველიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ: „საკითხი აუცილებლად თვითმმართველობასთან უნდა დააზუსტოთ. წყაროს წყლები სააგენტოს კომპეტენცია არ არის.“

ამგვარად, ვარგისია თუ არა წყაროს წყლები სასმელად, რომელსაც გურჯაანის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოიხმარს - პასუხი არავის აქვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია