შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში მასწავლებელთა აღიარების კონკურსი ტარდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2021
კახეთში გამოცდილი და ასევე დამწყები პედაგოგებისთვის, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი ტარდება. ფონდის ინფორმაციით, ამ ღონისძიების მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კახეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლის 1-6 კლასების - როგორც ქართულენოვან, ისე აზერბაიჯანული და სომხური სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებს.

საბაზისო განათლების პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელის ნიკა ჩაჩხიანის განმარტებით, განაცხადის მომზადებაში პედაგოგებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები დაეხმარებიან.

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებიც კახეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლასთან მუშაობენ საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაეხმარებიან გამორჩეულ პედაგოგებს, რათა მათ შეკრიბონ და წარსადგენად მოამზადონ ნომინაციის პაკეტი. ნომინაციაზე წარსადგენი ყველა დოკუმენტაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი იქნება მასწავლებელი ან/და სკოლა. სკოლა გადასცემს ნომინანტის პაკეტს ტრენერს, რომელიც შეაფასებს მას USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისთვის წარდგენამდე.“ - განუცხადა speqtri.ge-ს ნიკა ჩაჩხიანმა.

მისივე განმარტებით, პედაგოგის კონკურსში მონაწილეობას მხარს უნდა უჭერდეს სასკოლო საზოგადოება.

„მისი წარმატებების დასტურად ჟიურის წარედგინება დირექტორის, სხვა მასწავლებლის, სამეურვეო ან/და პედაგოგიური საბჭოს ან/და მშობლის სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც აღწერილია ნომინანტის წარმატებები დადასტურებული კონკრეტული მაგალითებით და ფოტომასალით. შესაძლოა, ჟიურიმ გადაწყვიტოს ნომინანტთან გასაუბრებაც.“

ცნობისთვის, კონკურსის ნომინაციებზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს 1-6 კლასის ნებისმიერი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კითხვას (მშობლიურ ენასა და ლიტერატურას) ან მათემატიკას.

მასწავლებლების დაჯილდოების კატეგორიებია:
1. საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში
2. საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
3. საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
4. საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში

ინდიკატორები, რომლითაც შეფასდება კონკურსანტი:
• მზაობის გამოხატვა ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად
• შემოქმედებითობისა და ინოვაციების გამოყენება კითხვის ან მათემატიკის სწავლებაში
• კოლეგებთან თანამშრომლობა

პროგრამას ნომინანტთა განაცხადები 30 აპრილამდე წარედგინება. გამარჯვებული მასწავლებლები კი მაისის თვეში გამოვლინდებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონკურსი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ  იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია