კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2022
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგებს ავრცელებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სსკ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის) 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდის განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ(ტელე-კომპანია) „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი ქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ ვერ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი.

„ცხადია, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს - ნორმის განჭვრეტადობას.

სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება,“ -წერს სახალხო დამცველი.

მისივე შეფასებით, დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეორე, ე.წ „მანქანის ეპიზოდი“ შეეხება ტ/კ „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

„სამწუხაროდ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს, ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა,“ - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აქვე წერს, რომ სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, მაშინ, როდესაც ამას სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს.

„სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული,“ - წერს სახალხო დამცველი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მესამე, ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა.

„თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება,“ - წერს სახალხო დამცველი.

მას მიაჩნია, რომ სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებლივ კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და საკითხს შემდეგნაირად აჯამებს:

„ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი.

[სასამართლომ] საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა“.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის იყენებს იყენებს კანონით გათვალისწინებულ უფლებას და მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია