კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2022
78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.

მრავალწლიანი მოღვაწეობისთვისა და უდიდესი ღვაწლისთვის თემურ ჩხეიძეს მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი; „ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი); სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“; სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და არაერთი სხვა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია