კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უპრეცედენტო შემთხვევა კავკასიის რეგიონში - საქართველოს ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2022
საქართველოში ორ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. UNESCO-მ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთში) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა.

გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ პარიზში გამართულ UNESCO-ს, „ადამიანი და ბიოსფეროს“, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სესიაზე მიიღეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღემდე არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ქართული ბიოსფერული რეზერვატები რეგიონის მასშტაბით პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.


პარიზში გამართულ საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.

„ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.

ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა“ , -ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისა და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია