რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად
ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო
რესპუბლიკის „უშიშროების სამსახური“ ვებ-გვერდზე
ავრცელებს.
25 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 24 წლის ქრისტინე
თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს.
როგორც დგინდება, გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ ქრისტინე
თაკალანძეს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ არ აქვს, იგი საქართველოს
მოქალაქეა და რეალურად ზუგდიდში ცხოვრობს.
„თაკალანძე დამნაშავეა აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის
საიდუმლო ინფორმაციის მიღებაში, შეგროვებასა და საქართველოს
სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში,“ - აცხადებენ აფხაზეთის
ე.წ.„უშიშროების სამსახურში“.
მათივე ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ პროკურორის თანხმობით“
თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ჯაშუშობის მუხლით“
აღძრა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს
დაკავებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩხრეკისას ჩამოართვეს მობილური
ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ბარათი ქართული წარწერით: „თუ წახვედი
გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“.