კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყო

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2022
2022-2023 სასწავლო წელი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში შეუფერხებლად დაიწყო. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის თქმით, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან არის დადებითი ემოცია და საზეიმო განწყობა. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლებში, სულ 7200-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული.


„ყველა სკოლაში დაიწყო დღეს სასწავლო პროცესი. იმ სკოლებს, რომელიც ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაშია ჩართული, არანაირი შეფერხება არ აქვს. ყველა სკოლაში აღიმართა დროშა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და იყო საზეიმო განწყობა,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში დალი მინსიაშვილმა.

მისივე თქმით, წელს პირველკლასელი არ ჰყავს მაღალმთიან სოფელ ჭერემის სკოლას, სადაც მხოლოდ 8 ბავშვი სწავლობს.
რაც შეეხება ქალაქ გურჯაანის პირველ და მეოთხე საჯარო სკოლებს, სადაც 67 და 64 პირველკლასელია, 3 კლასი გაიხსნა.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო ნონეშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც მან speqtri.ge-სთან განაცხადა, წელს სკოლა მოსწავლეებს სიახლეებს სთავაზობს.

„გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში წელს 612 მოსწავლე გვყავს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, არის ის ზოგადი სიახლეები, რაც დანარჩენ სკოლებშიცაა. მაგალითად, პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს, მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება. თუმცა, გვაქვს ისეთი სიახლეები, როგორიცაა დებატების ხელოვნების შესწავლა, რომელიც არჩევით საგნად შემოვიდა.

ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენიმე სკოლასთან ერთად, ჩვენი სკოლაცაა ჩართული. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ წელს პირველად გვექნება მათემატიკური კლუბი, სადაც გაძლიერებულად შეისწავლება მთემატიკა და ბავშვები ეროვნული ოლიმპიადისთვის აქტიურად მოემზადებიან. ამ კლუბში შეუძლეიათ გაერთიანდნენ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები. ასევე მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს ეკოკლუბი. სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების კუთხით usaid-ის ახალ პროექტში.“






დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია