შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას ითვალისწინებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020

ისტორიული გადაწყვეტილებას რომელიც პარლამენტის არჩევის წესს ცვლის, საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს ხმა ამჯერად კახეთის რეგიონის ყველა მაჟორიტარმა დეპუტატმა მისცა. უკვე მიღებული, ახალი წესის მიხედვით, პარლამენტში პროპორციული სისტემით, 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით, 73-ის ნაცვლად 30 დეპუტატი აირჩევა.

პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და ე.წ. ჩამკეტით, რაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას გამორიცხავს. კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას, სულ მცირე , 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე კი, ცვლილებებს ხმა 117-მა დეპუტატმა მისცა, 3 წინააღმდეგი იყო – ,,ქართული ოცნების” უმრავლესობის ყოფილი წევრები, უფრაქციო დეპუტატები: ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია ასევე დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფრაქციის ,,ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარეა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

კანონპროექტს ხმა მისცა კახეთის რეგიონის ყველა მაჟორიტარმა დეპუტატმა: გელა სამხარაულმა, ირაკლი სესიაშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და გიორგი მაჭარაშვილმა. საქართველოს პარლამენტის ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა თელავის ,,დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ:

,,რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეს გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ იგი სამივე მოსმენით იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულიად ახალ მოწყობას ითვლისწინებს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პოლიტიკური სისტემისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, თუ როგორი არასამართლიანი საარჩევნო სისტემა გვქონდა. ეს, გარკვეულწილად, შეცვლის არსებულ იმ სისტემას, რაც ამ დრომდე იყო. თუმცა სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. ამ ეტაპისთვის ესეც წინგადადაგმული ნაბიჯია. ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა ქვეყნის შიგნით. საზოგადოების ყველა წევრი მოითხოვდა მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიგვეღო. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების როლი, იმ ქვეყნების, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და რასაც 8 მარტის შეთანხმება მოჰყვა. რომ არა მათი როლი, ეს ცვლილებები კიდევ დიდი ხნით გადავადდებოდა.“

დღევანდელ სხდომას არ დაესწრნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას და „პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა, knews-ს განუცხადა, ,,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამას ,,ქართული ოცნების“ ნაბიჯს ვერ დავარქმევთ, ეს არის მათ მიერ მიღებული იძულებითი გადაწყვეტილება. ეს არის ხალხის დამსახურება, იმ ხალხის, რომელიც დღეების და თვეების განმავლობაში აპროტესტებდა იმ თემას, თუ როგორ უნდოდა ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება ჩვენ ყოფნა-არ ყოფნას კენჭისყრაზე, ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გვქონდა, რაც ხელისუფლებამ კარგად იცის. 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რას ნიშნავს საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობის შესრულება და ისიც, რა ძვირად დაუჯდებოდა მისი შეუსრულებლობა. ძალიან კი არ უნდოდა ამ პირობის შესრულება, მაგრამ იძულებული გახდა. ეს ის გამარჯვებაა, რომელიც გაიფორმა ხალხმა და მთავარი გამარჯვება კიდევ წინ არის“.

მკაცრი იყო საკუთარ შეფასებებში კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ,,ქართული ოცნების“ თელავის რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პლატონ კალმახელიძე, რომელმაც გიორგი რურუას კრიმინალი უწოდა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას კი, არ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში,-სამარცხვინო.

,,თუ ვინ მიიღო, საბოლოო ჯამში, კენჭისყრაში მონაწილეობა და ვისი მეშვეობით იქნა ეს საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული, ვისი მეშვეობით იქნა ეს 117 ხმა მობილიზებული, ეს ყველამ დაინახა. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, დესტრუქციული ძალები არიან. 2016-2020 წლის პარლამენტი ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით შევა ისტორიაში: პირველი- ჩვენ მივიღეთ მომავალი პარლამენტის ისეთი უპრეცედენტო საკონსტიტუციო მოწყობა, რომელიც ვერ შეძლო აქამდე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართვველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და ეს არის ,,ქართული ოცნების“ ერთპიროვნული დამსახურება; მეორე – ისტორიაში შევა სამარცხვინოდ პარლამენტი იმ თავისი ნაწილით, ოპოზიციის იმ ნაწილს ვგულისმობ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. სირცხვილი მათ. გინახავთ სადმე ქვეეყანა, რომ რომელიმე პარტია, რომელიც ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს და მხარს არ უჭერს მათ? სად არის ლოგიკა?“. – რომ არა საერთაშორისო ზეწოლა, მიიღებდით ამ გადაწყვეტილებას? -,,რა საერთაშორისო ზეწოლა, თავისი კრიმინალი რურუა შეინახონ თვითონ და გადახედონ, ვინ ჰყავთ თავის რიგებში კიდევ კრიმინალი. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის განვითარება უფრო დემოკრატიული გზით წარიმართოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის გზაზე“,-განუცხადა knews-ს პლატონ კალმახელიძემ. ახალი საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია