შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

23 წლის გოგონამ ახმეტიდან “ამაზონში” დაიწყო მუშაობა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020

23 წლის თამუნა გელდიაშვილმა, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტიდან არის, ბერლინში, ამაზონის კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

ის სოფელ ზემო ხოდაშნიდან არის. მისი თქმით, დაამთავრა აწყურის საჯარო სკოლა, შემდეგ კი თავისუფალი უნივერსიტეტი. ახლა კი ბერლინში ამაზონის კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია.

,,ტექნიკური საგნები, მათ შორის მატემატიკა, ყოველთვის მომწონდა და გამომდიოდა, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. მაშინ, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, ეს სფერო ახალი იყო და მასზე ზუსტი წარმოდგენა არ მქონდა. საბოლოოდ იმაზე ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. აღმოვაჩინე, რომ ერთდროულად ვიყავი მნიშვნელოვან სფერში და ჩემს ტექნიკური საგნებისადმი სიყვარულს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებდი.

თავისუფალი უნივერსიტეტი კი, ჩემი აზრით, საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად საუკეთესო ადგილია. ლექტორებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის მეტად დაინტერესებულები და მოტივირებულები არიან, ვიდრე სხვა სტუდენტები. ასეთ საერთო ინტერესების ხალხთან ურთიერთობა დიდი პლიუსია, ბევრად მეტი შესაძლებლობა გიჩნდება განვითარებისთვის. 

ამაზონში ყველანაირად ხელს მიწყობენ, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ვგრძნობ, რომ აქ ჯერჯერობით კარგად ვვითარდები და ბევრ ახალ ინფორმაციას ვიძენ ჩემზე უფრო გამოცდილი ადამიანებისგან. ბევრი თანამშრომელი მყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხშირად განვიხილავთ გერმანიასა და ჩვენს ქვეყნებს შორის სხვაობებს, ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს გეზი ევროპისკენ აქვს აღებული და ეს სიტყვები ძალიან მახარებს.

წარმატების მისაღწევად ვფიქრობ, რომ აუცილებელია თვითგანვითარება შეგეძლოს, საკუთარ თავზე მუშაობა უნდა იცოდე. ახლა, მუშაობის პროცესში ხშირად მიწევს იმ ცოდნის გამოყენება რაც უნივერსიტეტში არ მიმიღია. სკოლაში და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა დამოუკიდებლად უნდა სწავლობდე ახალ რაღაცებს და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევ”,- განაცხადა თამუნა გელდიაშვილმა.

 

წყარო: ახმეტის განვითარების ჯგუფი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია