შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლევან დავითაშვილი – გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებები აზიანებს ფერმერების ინტერესებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისათვის, რათა არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

მისივე თქმით, რთველთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებები აზიანებს ფერმერების ინტერესებს.

„დღეს ჩატარდა აქცია კახეთში და ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. გთხოვთ, ჟურნალისტებს – არ ენდოთ არც ჩემ ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას, შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება.

ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ქონდეს, რადგან თუ კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი საქმე ფაქტობრივად ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია. ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული და დღე-ღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული.

,,ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში – გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება.

იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება ფასებს. ეს არის რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება. სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია